თბილისის სააპელაციო სასამართლომ რუსული კანონის მოწინააღმდეგე გორელი ბიზნესმენისა და აქტივისტის, იოსებ ბაბაევის საქმეზე გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ლევან დარბაიძის გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა. მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა პოლიციის მიერ ბაბაევის ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც თითქოს ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, კანონიერად ცნო, ხოლო პირადი ჩხრეკა - უკანონოდ. პროკურატურა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად გაუქმებას და ყველა საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობას ითხოვდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
- 6 „გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით“ – პროკურატურამ ელენე ხოშტარიას ბრალი წარუდგინა
„როგორც პირადი, ისე ავტომობილის ჩხრეკა ერთსა და იმავე გარემოებებში მიმდინარეობდა. შესაბამისად, თუკი პირადი ჩხრეკა იყო უკანონო, ავტომობილის ჩხრეკაც უკანონოდ უნდა ყოფილიყო მიჩნეული.
პროკურატურის საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით, ფაქტობრივად, სასამართლომ კანონიერად ცნო საგამოძიებო ქმედების ის ნაწილი, როდესაც ავტომანქანიდან ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი. შესაბამისად, პროკურატურას ახლა უკვე აქვს საფუძველი იმისა, რომ იოსებ ბაბაევს წაუყენოს ბრალი და საქმე გადასცეს სასამართლოს“, - განაცხადა ადვოკატმა ალექსი მერებაშვილმა.
სააპელაციო სასამართლოში დღევანდელი სხდომა მხარეთა დასწრების გარეშე გაიმართა. ადვოკატის თქმით, განჩინების ჩაბარებამდე მისთვის უცნობია, რა არგუმენტები აქვს მოსამართლე ახალბედაშვილს.
იოსებ ბაბაევი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო გავლენის ქვეშ მოექცა და უკანონობა დააკანონა. „სამარცხვინოა. ვწუხვარ ამ გადაწყვეტილების გამო. ბოლომდე ვიბრძოლებ“, - თქვა მან.
„რესტო ბარის“ მეპატრონე იოსებ ბაბაევი 4 ივნისს, საღამოს, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. პროკურატურამ მას ბრალი ვეღარ წარუდგინა, რადგან მოსამართლე ლევან დარბაიძემ უკანონოდ ცნო პოლიციის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედება და იარაღი, რომელიც თითქოს ბაბაევის მანქანიდან ამოიღეს, დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნია. ბაბაევმა დროებითი მოთავსების იზოლატორი 6 ივნისს დატოვა.
იოსებ ბაბაევი ისე გაჩხრიკეს, რომ პოლიციელების გარდა ამ პროცესს არავინ ესწრებოდა. საქმეში ჩხრეკის ამსახველი ვიდეომასალაც არ არსებობს. ამასთან, ბაბაევს სხეულის დაზიანებები ჰქონდა მიღებული. მან თქვა, რომ პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
