გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძემ უკანონოდ ცნო, პოლიციის მიერ, რუსული კანონის მოწინააღმდეგე ბიზნესმენისა და აქტივისტის, იოსებ ბაბაევის დაკავებისას ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედება. გორის რაიონული პროკურატურა ითხოვდა იოსებ ბაბაევის, ასევე, მისი კუთვნილი ავტომობილის ჩხრეკის, ტანსაცმლისა და ავტომობილის ამოღების კანონიერად ცნობას, რადგან საგამოძიებო მოქმედებები მოსამართლის განჩინების გარეშე ჩაატარეს. მოსამართლემ საგამოძიებო მოქმედებების დროს მიღებული ინფორმაცია, ნივთები და საგნები დაუშვებელ მტკიცებულებებად მიიჩნია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ეს არის სუფთა პოლიტიკური ანგარიშსწორება და ეს ფაქტი ადასტურებს, რომ სწორ გზაზე ვარ და რუსული რეპრესიები, რუსული რეჟიმი მალე დამთავრდება. ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა მეტსახელად „ტლაპო“, ნამდვილი სახელი არვიცი, ის არის შევარდნაძის დროიდან და კიდევ უფრო ადრე, შეჩვეულია ჩადებებს, ხალხის ასე გაუბედურებაშია გაზრდილი და იმ ღამეს რაც გააკეთეს ამ „სამართალდამცავებმა“, ყველაფერი არის აღბეჭდილი მათივე ტელეფონებში. მე მაქვს ისეთი მტკიცებულება, რომ ამათ გავანადგურებ. მანქანის შუშებს მიმტვრევდნენ. რატომ ამტვრევთ, რა გჭირთ მეთქი? მიშა ვიცანი, პოლიციელი რომ იყო და კარი გავუღე.
ნადირებივით მეცნენ, გადმომაგდეს, დამადეს ხელბორკილები და და ზედ შემდგნენ, ზედ იხტუნავეს. თავს მაწევინებდნენ, მერე ფეხით მირტყამდნენ, სილურჯეები მინდაო და ფოტოებს მიღებდნენ. ნაცემს როგორ არაადამიანურად მეპყრობოდნენ, მაგ ყველაფერს აფიქსირებდნენ ვიდეოზე და უგზავნიდნენ ხელმძღვანელ „ტლაპოს“.
რომ არ მივეცი ჩემი ნებით ეს ტანსაცმელი და გაბრაზდნენ, ძალით შემომახიეს. განყოფილებაში, საცვალიც კი შემომახიეს. შიშველ ადამიანს მეუბნებოდნენ, იყავი ეხლა ეგრეო“, - განაცხადა იოსებ ბაბაევმა სასამართლო სხდომაზე.
დაკავებულმა აღწერა, პოლიციელებმა როგორ ჩაუდეს იარაღი. „რომ დამაგდეს და ბორკილები დამადეს, მაგ დროს ვიგრძენი, ქამარსა და საცვალს შორის, მანდ ჩამიდეს რაღაც რკინის ნივთი. ამ დროს ყველა ერთდროულად მცემდა, თავში მირტყამდნენ. ერთი უზრდელური სიტყვა არ მითქვამს. ამაწევინებდნენ თავს, დამარტაყმდნენ, თან იღებდნენ. ვეკითხებოდი, გესიამოვნა, რომ დამარტყი მეთქი. მოვიდა ერთი თანამშრომელი, ჭარაღათმიანი, აქ არ არის ახლა. ბორკილები მქონდა დადებული. იღლიებში შემიყო ხელი ძალით და 20 წამი მაინც ვერ გავაშვებინე. მერე თავზე ოფლს მოგროვება დამიწყო. მე ველოდებოდი დაჭერას, კრიტიკულად ვარ განწყობილი.
მე საქართველოზე მეტი ქვეყანა არ მაქვს. ასურელი ვარ, არსად გასაქცევი არ მაქვს. მე არ მომწონს ეს რუსული რეჟიმი, მე არ მომწონს ეს რუსული კანონი“, - თქვა ბაბაევმა.
მოსამართლე ლევან დარბაიძემ პოლიციელებს ჰკითხა, რატომ არ მოხდა ჩხრეკის დროს გარეშე პირის მოწვევა ან ვიდეოგადაღება.
„მორიგე ვიყავი სამსახურში. გარეთ ვმოძრაობდი მანქანით და ხელმძღვანელმა მაცნობა, რომ მიღებული იყო სამსახურში ისეთი ინფორმაცია, რაც შეიცავდა ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის შესაძლო საფრთხეს. შეტყობინებიდან მალევე გავემართეთ მითითებულ ადგილზე. ინფორმაციაში საუბარი იყო, რომ პიროვნება ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა, რომელსაც აქვს დაპირისპირება მხარესთან და შესაძლოა, მოხდეს ცეცხლის გახსნა. მანქანა გავაჩერეთ. მე ვიყავი, მიხეილ ყაბელიშვილი და სოსო დადაშვილი. ის მომენტი არ მახსოვს, თვითონ გააღო თუ როგორ გაიღო მანქანა. წინააღმდეგობას გვიწევდა, ამბობდა, რა გინდათ ჩემგან, თავი დამანებეთ“, - აღნიშნა ერთ-ერთმა პოლიციელმა.
„დაკავებული ამბობს, რომ სცემეთ. აღენიშნება დაზიანებაც. თქვენ ამბობთ, რომ პროპორციული ძალა გამოიყენეთ, რაში გამოიხატა ეს, რა ძალისხმევა დაგჭირდათ იმისათვის, რომ ეს მოქმედება ბოლომდე მიგეყვანათ?“ - ჰკითხა მოსამართლემ დამკავებელ პოლიციელებს.
„სპორტმესნია, ნავარჯიშებია და გამოვიყენეთ ის პროპორციული ძალა, მართლა არ გადაგვიმეტებია. დავაწვინეთ, გამომძიებელმა ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც ჩატარდა პირადი ჩხრეკა და უკნიდან ამოღებულ იქნა იარაღი. მარჯვენა, მარცხენა აღარ მახსოვს, საცვალში ჰქონდა დანა. საცვლიდან ამოვიღეთ, შიგნიდან“, - თქვა კიდევ ერთმა პოლიციელმა.
შარვალი გახადეთ? - დაზუსტება სცადა მოსამართლემ.
- არა, არა, კვლავ ჯაჯგურში იარაღი რომ ამოვიღეთ, დანაც აღმოჩნდა და დანაც ამოვიღეთ“.
მოსამართლემ პოლიციელებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება შეახსენა, რომლითაც საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ახალი სტანდარტი დადგინდა. კერძოდ, პოლიცია ვალდებულია შექმნას ნეიტრალური მტკიცებულება, უნდა აისახოს საგამოძიებო მოქმედების მთლიანი მიმდინარეობა. „რატომ ვერ მოხდა თუნდაც დაკავების შემდეგ, ავტომობილის ჩხრეკის, ტანსაცმლის და ავტომობილის ამოღების მინიმუმ დასურათება მაინც“, - იკითხა მოსამართლემ.
„ჩემთვის ცნობილია ეს საკითხი, მაგრამ არსებობს გამონაკლისი შემთხვევა. მიღებულ ინფორმაციაში მითითებული საფრთხე იყო რეალური. ზიანს მიაყენებდა როგორც ჩვენ, ასევე მას“, - უპასუხა პოლიციელმა.
„დაკავების შემდეგ გეკითხებით, როცა დააკავეთ და პირი უკვე თქვენს განკარგულებაში იყო, ამის მერე ეს საფრთხე საიდან მომდინარეობდა. ის დაპირისპირებული პირი შემთხვევის ადგილზე ხომ არ იყო“, - ჩაეკითხა მოსამართლე პოლიციელს. „არ იყო, მაგრამ ნებისმიერ დროს შეიძლება გამოჩენილიყო“, - აღნიშნა პოლიციელმა.
საგამოძიებო მოქმედებების უკანონოდ ცნობის შემდეგ, მოსამართლე ლევან დარბაიძემ დაკავებულს განუმარტა, რომ მას უფლება აქვს, მოითხოვოს და მიიღოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მოსამართლემ მოკლედ ახსნა, რატომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობები:
- საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა საპროცესო კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით. იმ პირობებში, როცა არსებობდა აუცილებლობა, რომ ნეიტრალური მტკიცებულებით გამყარებულიყო საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება, ასახულიყო თითოეული მოქმედება ვიდეო ჩანაწერით, ან გარეშე პირის დასწრებით, ამის ობიექტური შესაძლებლობა ნამდვილად არსებობდა, ეს მოთხოვნა დარღვეულია.
- ასევე, საეჭვოა პირადი ჩხრეკის ოქმში სასამართლო პროცესზე გამოვლენილი გარემოება. აშკარად ოქმში ჩამატებულია კონკრეტული ფრაზა, რაც სასამართლოში მანამდე წარმოდგენილ დოკუმენტში არ იყო და თეორიულად შეუძლებელია, რომ ქსეროქსის აპარატით მოხდეს ისე გადაღება, რომ რაღაც კონკრეტული ფრაზა იქ არ მოხვდეს.
- გარდა ამისა, ტანსაცმლის ამოღებისას ვლინდება, რომ ამ დროს, შესაძლოა, ადგილი ჰქონდა ბრალდებულის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, რაც ვერ გაქარწყლდა როგორც წარმოდგენილი მასალებით, ასევე, საგამოძიებო ოქმში ასახული გარემოებებით“
პროკურატურას შეუძლია გორის სასამართლოს გადაწყვეტილება 48 საათში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს.
„რესტო ბარის“ მფლობელი და ანტირუსული აქციების აქტიური მონაწილე იოსებ ბაბაევი 4 ივნისს, გვიან საღამოს, გორში დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ბაბაევი გორის დროებითი მოთავსების იზოლატორშია. პროკურატურას მისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებია. ამისათვის ვადა დღის ბოლომდე აქვთ.
ლევან დარბაიძე ერთ-ერთია მოსამართლეთა იმ მცირე ჯგუფიდან, რომელიც ე.წ. სასამართლო კლანის წევრი არ არის და ხელისუფლება მის საქმიანობაში ვერ ერევა. ის მოსამართლეა 2014 წლიდან და თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
ამ თემაზე -