თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენი და ბიზნესმენი ლევან ბიძინაშვილი გაამართლა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
- 6 გაჩხრიკეს ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის და კიდევ რამდენიმე აქტივისტის სახლები
იარაღის უკანონოდ შეძენა-ტარების ბრალდებით, ლევან ბიძინაშვილი 2021 წლის 4 დეკემბერს, წნორი-ტიბაანის გზაზე დააკავეს და 8 თვე დაპატიმრებული იყო. ბიძინაშვილი ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ იარაღი ჩაუდეს. ციხიდან გამოგზავნილ წერილში მან აღწერა, რომ დაპატიმრების რეალური მიზეზი მისი ოჯახის მფლობელობაში არსებული მიწა იყო, რომელიც მაღალჩინოსნების სასარგებლოდ არ დათმო.
„დაახლოებით 1 წელი მიდიოდა ამაზე ლაპარაკი. მომიგზავნეს სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც მითხრა, რომ სიღნაღის პოლიციის უფროსს და მის მეგობრებს კახეთში სჭირდებოდათ 200 ჰექტარი მიწა და მე უნდა გავწეულიყავი იმ 70 ჰექტარიდან, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის და ჩემმა მეუღლემ 49-წლიანი იჯარით, მემკვიდრეობით მიიღო გარდაცვლილი მამისგან. მე უნდა გავჩუმებულიყავი და გავწეულიყავი, რაზეც არ დავთანხმდი. შემომითვალეს, თუ არ გავიწეოდი, დავისჯებოდი და შემოთვლიდან მალევე ეს გამიკეთეს“, - განაცხადა ლევან ბიძინაშვილმა სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ სხდომაზე. ბრალდებულის განმარტებით, მისი დნმ იმ პისტოლეტზე, რომელიც პოლიციელების თქმით, მას უპოვეს, მისი ნერწყვით თავად პოლიციელებმა გადაიტანეს.
პროკურატურა ითხოვდა ბიძინაშვილი დამნაშავედ ეცნოთ, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდებო შეძენას ან შენახვას და ტარებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ლევან ბიძინაშვილს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე ლომიძემ, რვათვიანი პატიმრობის შემდეგ, 2022 წლის 8 აგვისტოს, ბრალდებული გაამართლა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოში პროკურატურამ გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვეფხია ლომიძის მიერ დღეს მიღებული განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია უზენაეს სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა.
ჯერ რაიონული და შემდეგ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მიუხედავად, პროკურატურას ამ დრომდე არ აღუძრავს სისხლის სამართლის საქმე სამართალდამცველების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების გაყალბებისთვის.
