საბა სხვიტარიძეს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ფოტო © პუბლიკა

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ აქტივისტისა და პარტია „ახალის“ წევრის, საბა სხვიტარიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩვენ ვანხეთ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები, ვნახეთ ვიდეოჩანაწერი, სადაც ნიღბიანი პირები, რომლებიც პოლიციელები აღმოჩნდნენ, თავს ესხმიან მშვიდობიან მოქალაქეებს, ძალადობენ ქალებზე შემთხვევის ადგილზე და ამის შემდეგ ეს ადამიანები ქუჩაში თავისუფლდად დადიან, საბა სხვიტარიძეს კი მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. არავინ იფიქროს, რადგან 11 წლით პატიმრობა არ მიესაჯა და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ბრალდების მხარეს ბრალდებების დიდი ნაწილი მოეხსნა, ეს გამარჯვებაა. გამარჯვება იქნება მაშინ, როდესაც საბა სხვიტარიძე დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას“, - განაცხადა ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა. დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

„ველოდებოდით ამ გადაწყვეტილებას, რადგან სამართალს საქართველოში, ამ სასამართლოს პირობებში, ვერ ვიპოვით. ეს განაჩენი დიდი ხანია გამოტანილია უფრო ზემდგომების მიერ, გარუსებული ქართველების მიერ. ვიბრძოლებთ ბოლომდე“, - თქვა საბა სხვიტარიძის ძმამ, თორნიკემ.

მოსამართლემ სხვიტარიძე დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას, მის ხანმოკლე მოშლას ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარ დაკარგვსა. დანაშაული „ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ“.

საბა სხვიტარიძე 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ის 4 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტთან“ თავს დაესხა პოლიციელ მირიან ქავთარაძეს და თავის არეში ხელკეტის გამოყენებით დაზიანება მიაყენა. სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისთვის.

24 ივლისს მოსამართლე ჯევებე ნაჭყებიამ ბრალი 120-ე მუხლით გადააკვალიფიცირა. დამტკიცდა, რომ საბა სხვიტარიძეს არ შეიძლებოდა სცოდნოდა ნიღბიანების ვინაობა - ის, რომ ისინი პოლიციელები იყვნენ. დაცვის მხარე სხვიტარიძის სრულად გამართლებას ითხოვდა.

საბა სხვიტარიძე დაკავების შემდეგ პოლიციელების მხრიდან ძალადობის შესახებ ჰყვებოდა. „შემოვიდა 4 კარგად ნავარჯიშები ზონდერი, თვითონ კი გავიდნენ ოთახიდან, რა დროსაც დაიწყო ჩემზე ძალადობა. მირტყამდნენ გვერდებში და თავში. ნახევრად გათიშული ვიყავი, როცა ერთ-ერთი ზონდერი მომვარდა და ხელის მოტეხვას ცდილობდა. ჩემი ცემა, ალბათ, 5-10 წუთი გაგრძელდა, შეიძლება უფრო მეტი ხანიც, არ ვიცი. პერიოდულად გონებას ვკარგავდი“, - ამბობდა სხვიტარიძე. იანვარში, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ის დაზარალებულადაც ცნო, თუმცა ამ დრომდე არცერთი მოძალადე პოლიციელი არ არის პასუხისგებაში მიცემული.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.