ღამით, დაახლოებით 00:10 საათზე, ქალაქ საგარეჯოში, საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან, 48 წლის ნოდარ ათუაშვილმა, რომელიც ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა, რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც დაიღუპა 4 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. ნოდარ ათუაშვილმა ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ პოლიციის თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი მოკლა. საგარეჯოში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზების შემდეგ, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
საგარეჯოში მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში თავდაპირველად ინფორმაცია ადგილობრივმა ექიმმა ლეილა ოტიაშვილმა გაავრცელა:
„წარმოუდგენელი ტერორისტული აქტი ხდება საგარეჯოს საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთ-ერთ კორპუსის ზედა სართულზე გამაგრებულია ტერორისტი, რომელიც რამდენიმე საათია ავტომატური იარაღიდან ისვრის მიზანმიმართულად. მოკლულია 1 პოლიციელი. 2 უმძიმეს მდგომარეობაშია. კორპუსის ეზოში 3 გვამი გდია, რომელიც ვერ გამოაქვთ. ადგილზე მისული სასწრაფოს მედპერსონალი ძლივს გადაურჩა სასიკვდილო სროლას. პოლიცია მობილიზირებულია, მაგრამ ტერორისტის ლიკვიდაცია ამ წუთამდე ვერ მოხერხდა. მოჰყავთ ბევრი დაჭრილი. სამედიცინო პერსონალი შოკში ვართ, სროლის ხმა ყველა მხრიდან ისმის“.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დააზუსტა, რომ დაღუპულია ხუთი ადამიანი, ერთი პოლიციის თანამშრომელია. „დაჭრილია 5 ადამიანი, ერთ-ერთი არის მძიმედ, ოპერაცია უტარდება, არტერია აქვს დაზიანებული. ექიმები ჯერჯერობით ვერ გვეუბნებიან, გადარჩება თუ ვერ გადარჩება.
ვერ ვხსნით ვერავინ, რა მოხდა. მოქალაქემ, რომელმაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო სროლა სახლიდან. მისი შვილი იმყოფებოდა სახლში, სრულწლოვანია ის ბიჭი. სროლა დაიწყო ჯერ აივნის ერთი მხრიდან, შემდეგ მეორე მხრიდან, რის შემდეგაც შვილმა სახლი დატოვა.
მერე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, სადაც გახსნა ცეცხლი მეორე მხრიდან და დაიჭრა ჩვენი თანამშრომელი. გადაყვანის დროს საავადმყოფოში დაიღუპა ჩვენი თანამშრომელი.
სამხედროა, ოპერატიულად რაც დაგვიდასტურეს, 2006 წლიდან მუშაობდა, 2021 წელს არის წამოსული. დაზუსტებით ვერ გეტყვით. ეს არის პირველადი ინფორმაცია. ავღანეთშიც ნამყოფია, ავღანეთის მისიაში. რა მოხდა, არავინ იცის ჯერჯერობით.
როდესაც სპეცდანიშნულების რაზმი ჩამოვიდა, მოუწოდეს, კიდევ რამდენჯერმე გაისროლა. როცა კარი შეაღეს, გასროლის ხმა იყო, როცა შევიდნენ. საწოლზე იყო გადაწოლილი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი გვერდით ედო, რაც დააფიქსირეს ჩვენმა თანამშრომლებმა. თავიდან სისხლი მოსდიოდა. იქვე ნახეს ხელყუმბარის რგოლები, რამდენიმე ცალი და შეიძლებოდა ეს იყო დანაღმული და ქვეშ ჰქონდა ამოდებული. გამოვიძახეთ გამნაღმველები. ახლა დაასრულეს მუშაობა.
შვილი ვერაფერს გვეუბნება. რომ გამოვიქეცი, გამოვედი სახლიდან, წინა მხარეს უკვე გვამები იყო, ბიჭები იყვნენ წინ დაყრილებიო“, - განაცხადა საგარეჯოში მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ნოდარ ათუაშვილს ფსიქიკური პრობლემები და რატომ წამოვიდა ის სამხედრო სამსახურიდან, მინისტრმა თქვა, რომ არ იცის.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.