საიამ არჩევნებზე ფარულობის მასობრივ დარღვევაზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაარეგისტრირა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) საჩივარი, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის მასობრივ დარღვევას ეხება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საია ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის [თავისუფალი არჩევნების უფლება] დარღვევაზე დავობს. საჩივარში აღნიშნულია, რომ ჩატარებული არჩევნების დროს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებამ მასობრივად დაარღვია კენჭისყრის ფარულობის ფუნდამენტური პრინციპი, ხოლო საარჩევნო დავების განხილვის დროს დაირღვა საარჩევნო დავების ეფექტიანი მექანიზმებით განხილვის უფლება.

„ხმის ფარულობა არის ისეთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რომლის დარღვევა შედეგების გაბათილების ტოლფასია, თუმცა, ეროვნულმა სასამართლოებმა, მანამდე კი საარჩევნო ადმინისტრაციებმა სათანადოდ არ შეისწავლეს ეს საკითხი.

ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, იყო თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო, რომელმაც საქმის განხილვისას ჩაატარა ექსპერიმენტი და აი, ამ ექსპერიმენტისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ტექნოლოგიურ უბნებზე არჩევნების ჩატარების ფორმატი ვერ იძლეოდა ხმის ფარულობის დაცვის გარანტიებს.

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ მაშინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბათილად ეცნო თეთრიწყაროსა და წალკაში შემავალი ყველა ტექნოლოგიური უბნის შემაჯამებელი ოქმები, მაგრამ მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ შეცვალა“, - განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ დღეს, 20 მარტს გამართულ ბრიგინფზე.

ევროპულ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში საია ასევე დავობს, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ბლანკეტური დანაწესი, რომელიც მოქალაქეებს საარჩევნო დავაზე საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას უზღუდავს, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს.

როგორც საია-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ დავას შესაძლოა პრეცედენტული მნიშვნელობა ჰქონდეს, რადგან ეხება ისეთ საკითხებს, რაზეც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აქამდე არ უმსჯელია.

„სასამართლოს ამ დავის ფარგლებში აქვს შესაძლებლობა, იმსჯელოს და კონვენციის ჭრილში შეაფასოს არჩევნების ფარულობის საკითხი 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით და ასევე, სასამართლოს ექნება შესაძლებლობა, იმსჯელოს იმაზეც, საარჩევნო დავების გადაწყვეტის არსებული ფორმატი პასუხობს თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებს“, - აღნიშნა ნონა ქურდოვანიძემ.

„საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციამ“ ქვეყნის შიგნით გათვალისწინებული დავის მექანიზმების გამოყენებით, 73 ოლქში შემავალი 2263-ვე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. საია დავობდა, რომ კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.