საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია, პორტუგალიასთან მატჩი ანგარიშით 2:0 მოიგო და მერვედფინალში გადავიდა.
ახალი ამბები
პირველი გოლი თამაშის დაწყებიდან 94-ე წამზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, მეორე გოლის ავტორი კი გიორგი მიქაუტაძეა, რომელმაც 57-ე წუთზე პენალტი დაარტყა. ეს მიქაუტაძის მესამე გოლია ევროპის ჩემპიონატზე.
პორტუგალიელებმა რამდენიმე მომენტი შექმნეს, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა მათ მიერ გოლის გატანის ყველა მცდელობა აღკვეთა.
საქართველო F ჯგუფში პორტუგალიასთან, თურქეთთან და ჩეხეთთან ერთად ასპარეზობდა. პირველ ადგილზე პორტუგალია გავიდა, მეორეზე - თურქეთი, მესამე ადგილი საქართველომ დაიკავა, ჩეხეთი კი ტურნირს გამოეთიშა. ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ შედეგს მიაღწია.
30 ივნისს საქართველო ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშებს.
