„საქართველოს დიდებული გამარჯვება პორტუგალიასთან“ - რას წერს საერთაშორისო მედია

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას საერთაშორისო მედია აფასებს. CNN-ი წერს, რომ „ევრო 2024“-ზე ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე გუნდმა ტურნირზე ჩატარებულ თამაშებში დაამტკიცა, რომ არ არის სუსტი - ძნელად დამარცხდა თურქეთთან და ჩეხეთთან ფრე ითამაშა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

CNN: „საქართველომ, რომელიც ქვეყნის ისტორიაში პირველ დიდ ტურნირში მონაწილეობს, თავისი უშიშრობითა და მაღალი ინტენსივობის ფეხბურთით, „ევრო 2024“-ის გულშემატკივრების გული მოიგო“.

„ქვეყანას, რომელიც 74-ე ადგილზეა მსოფლიოში და ოთხ მილიონზე ნაკლები მოსახლეობა ჰყავს, ისტორიაში საუკეთესო საფეხბურთო ღამე ჰქონდა“.

Independent: „საქართველოს დიდებული გამარჯვება პორტუგალიასთან... ვილი სანიოლის გუნდმა პორტუგალიელებს მოულოდნელი მარცხი მოუტანა. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მთელი მოსახლეობა იქ იყო შეკრებილი. როგორც ჩანს ზეიმი მალე არ დასრულდება. გულშემატკივარი, კვარაცხელიას და მიქაუტაძის მსგავსი მოთამაშეები მორიგ დიდ ამბავს გვპირდებიან“.

BBC: „საქართველოს ევროს საკვალიფიკაციო ეტაპის ყველა გუნდს შორის ბურთის ფლობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა, მაგრამ ფინალში გასვლა შეძლო. პორტუგალიასთან ბურთის ფლობა აკლდათ, მაგრამ გააკეთეს ის, რაც სჭირდებოდათ და გააკეთეს ეს მოხდენილად“.

„ფიფას რეიტინგის მიხედვით, საქართველომ პორტუგალიის დამარცხებით გამოიწვია ისტორიაში ყველაზე დიდი უეცარი მარცხი ევროპის ჩემპიონატზე და შექმნა დასამახსოვრებელი ღამე თავის სადებიუტო დიდ ტურნირზე“.

The Guardian: „ეს იყო ღამე, როდესაც მთავარ ტურნირზე პირველად გამოჩენილი საქართველო, პორტუგალიასთან ბრწყინვალე გამარჯვების წყალობით, მერვედფინალში გავიდა და რომელიც დიდხანს დარჩება ამ ისტორიული ფაქტის მომსწრე ათასობით გულშემატკივრის მეხსიერებაში“.

FOX Sports: „საქართველოს ბურთის 28%-იანი ფლობა ჰქონდა, რაც 1980 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი პროცენტია გუნდისთვის, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის მატჩი მოიგო. საქართველო პირველი დებიუტანტია 2016 წლის შემდეგ, რომელიც ევროს პლეიოფში გავიდა“.

„მიქაუტაძე მეცხრე მოთამაშეა, რომელმაც ერთ ევროტურნირზე ჯგუფურ სამივე თამაშში გაიტანა გოლი. ხვიჩა კვარაცხელიას მიერ 92 წამზე გატანილი გოლი მეხუთე ყველაზე სწრაფი გოლია ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში“.

France24: „პორტუგალიასთან 2:0 მოგების შემდეგ საქართველომ „ევრო 2024“-ის პლეიოფში ისტორიული ადგილი დაიკავა. იმედგაცრუების ღამე იყო პორტუგალიისთვის, რომელიც არაერთხელ მოიგერია საქართველოს შთამბეჭდავმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა“.

The New York Times-მა ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს „ერთადერთი სუპერვარსკვლავი“ და „საერთაშორისო ფეხბურთის საოცრება“ უწოდა. „მატჩის მეორე წუთზე გოლის გატანით  კვარაცხელიამ ყველა დაჩრდილა. საერთაშორისო ფეხბურთის ერთ-ერთი საოცრებაა, რომ სხვაგვარად არამიმზიდველ საფეხბურთო ერს შეუძლია კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფეხბურთელის შექმნა“.

საქართველომ პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გადავიდა. 30 ივნისს ეროვნული ნაკრები ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშებს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.