საქართველოს ევროპული მომავლისთვის აქციაში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

თბილისში, თავისუფლების მოედანზე დასრულდა საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად გამართული აქცია, რომელშიც ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა. აქცია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაგეგმეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა: „დიდი სიყვარულით და ემოციით მინდა მოგესალმოთ. დღეს არის ერთ-ერთი ისეთი დღე საქართველოს ისტორიაში, რომელიც დასამახსოვრებელი იქნება ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. 

აქ არავინ არ არის ძალით მოსული, არავინ არ არის მოსული იმიტომ, რომ უთხრეს, „თუ არადა სამსახურს დაკარგავო“. არცერთი სტუდენტი არ არის მოსული იმიტომ, რომ უთხრეს „თუ არადა სტიპენდია არ გექნება“.

არაფერი არ არის უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება. არაფერია უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება და მშვიდობა. დღეს აქ ის ქართველები არიან, რომლებიც მშვიდობიანად, ღირსეულად და ქართულად შედიან ევროპაში. დღეს, აქ ხვალინდელი და გუშინდელი საქართველო დგას. გუშინდელს რომ ვამბობ, არა ის, რომელიც ჩაძირული იყო საბჭოთა კლანჭებში, არამედ ის თავისუფალი საქართველო ჩვენი წინაპრებისა და ღირსეული ისტორიისა. ის საქართველო და ეს საქართველო ერთია და ორივე ერთად შევლენ ევროპაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

„დღევანდელი აქცია, რომელიც აერთიანებს ათიათასობით ადამიანს, არის კიდევ ერთი ხმამაღალი განაცხადი, რომ ქართველი ხალხი ემიჯნება რუს ოლიგარქს და არ აპირებს, მას რუსეთში გაჰყვეს.

ჩვენ გვინდა ვიაროთ წინ - ძლიერი, უსაფრთხო და მდიდარი საქართველოსკენ და ამას აუცილებლად მივაღწევთ“, - თქვა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა.

„ეს არის ბოლო გაფრთხილება არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს არ დათმობს.

ჩვენ მოვისმინეთ ივანიშვილი როგორ იმუქრება კონსტიტუციის შეცვლით, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, მის ბოროტ გეგმებში ერთ-ერთია კონსტიტუციის 78-ე მუხლის გაუქმება, სადაც გაწერილია ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობა. მას ამის შესაძლებლობა არ მიეცემა. ქართველი ხალხი საკუთარი არჩევანით დაიცავს საქართველოს კონსტიტუციას და ევროპული არჩევანის რეალიზების შანსს“, - განაცხადა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.

„ქართული ოცნების“ წევრები აქციის დაწყებამდე ჰომოფობიური განცხადებებით მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, რომ შეკრებაში მონაწილეობა არ მიეღოთ.

„მე უბრალოდ, მივმართავ ყველა პატიოსან მოქალაქეს, ვინც შეცდომაშია შეყვანილი: იცით, რომ ამ „პრაიდის“ გვერდით, ანუ მამათმავლების გვერდით, ანუ ლგბტ საზოგადოების წევრებთან ერთად, თქვენც გეპატიჟებიან, რომ საქართველოს განვითარებაზე და ხვალინდელ დღეზე ისაუბროთ - თქვენ ამას ეთანხმებით? თქვენ მომხრე ხართ, რომ აქ ლესბოსელი, გეი აქტივისტები და მათი პროპაგანდა იყოს დღის წესრიგში? - მაშინ, კი ბატონო, მიბრძანდით“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა დღევანდელ აქციას.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.