საქართველოს მთავრობამ ის ჯერ მოწამლა, ახლა ნელ-ნელა კლავენ - ზელენსკი სააკაშვილზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ფოტო © Efrem Lukatsky/Associated Press

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯერ მოწამლა და ახლა ნელ-ნელა კლავს. ამის შესახებ მან ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დერ ბელენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და მედიის წარმომადგენლებს სააკაშვილის ფოტოები უჩვენა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ოდესღაც ის საქართველოს პრეზიდენტი იყო - მიხეილ სააკაშვილი. მინდა, ნახოთ, როგორ გამოიყურება. უკრაინის მოქალაქის საჯარო წამება. მიმაჩნია, რომ დღეს საქართველოს მთავრობა - რას აკეთებენ ისინი: კლავენ მას. თქვენ იცით, რომ მათ ის ჯერ მოწამლეს და ახლა ნელ-ნელა კლავენ.

ამიტომ ასეთი კითხვა ჩნდება: ვის მხარესაა დღეს საქართველოს ხელმძღვანელობა? ისინი ნეიტრალურები არიან, თუ რუსეთის მხარეს არიან, რადგან რუსეთი ისე ექცევა თავის პოლიტიკოსებს, როგორც დღეს საქართველოს ხელმძღვანელობა ექცევა უკვე არა თავის პოლიტიკოსებს, სხვათა შორის, არამედ უკრაინის მოქალაქეებს. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ნეიტრალიტეტის საკითხს, მაგრამ დიდი გაუგებრობა გვაქვს ამ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით.

მინდა პრესამ ნახოს, რა ხდება: უკრაინის მოქალაქის საჯარო წამება. მე არ განვიხილავ საკითხს, რისთვის დააკავეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რა შედეგები მოიტანა ამან პოლიტიკისა და დემოკრატიისთვის საქართველოში. ეს მათი შიდა საკითხია. მე ვსაუბრობ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე, რომელსაც ყოველდღიურად საჯაროდ აწამებენ. ვფიქრობ, რომ მათი მიზანი მისი მოკვლაა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

1-ელ თებერვალს გამართულ მორიგ სასამართლო პროცესზე, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის, სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხი განიხილებოდა, სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო და განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია, რის საჩვენებლადაც მან მაისური აიწია. „მე საქართველოს მივეცი მთელი ჩემი ცოდნა… ახლა საქართველოს მივეცი, შევწირე ჩემი ჯანმრთელობა და ერთადერთი რასაც ვითხოვ, მომეცეს ადეკვატური მკურნალობის საშუალება“, - განაცხადა მან. სააკაშვილმა უკრაინელებსაც მიმართა და თქვა, რომ ახლა „მატროსოვის ციხეშია“, მის მიმართ განხორციელდა წამება და მოწამლული იყო. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, თუ უკრაინის გამარჯვებამდე, „რომელიც ძალიან ახლოსაა“, ვერ იცოცხლებს, სურს მისი გული კიევში დაიმარხოს, რადგან ის უკრაინას ეკუთვნის.

სასამართლო პროცესზე, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრმა, ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს კახექსიის მეოთხე დონე აქვს, რაც სიმსივნიანი პაციენტებისთვისაა დამახასიათებელი. ექიმის განმარტებით, ეს „სავარაუდოდ, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობას მკვეთრად შეეხება“.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს. ის დამნაშავედ ცნობილია და ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე. მესამე პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია.

2022 წლის მაისიდან მიხეილ სააკაშვილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).