საქართველოში 7 თვეში პატიმრების რაოდენობა თითქმის 18%-ით გაიზარდა

2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს ციხეებში 10 124 პატიმარი იყო განთავსებული. მათგან 7782-ს მსჯავრდებულის სტატუსი ჰქონდა, ხოლო 2342-ს ბრალდებულის. 10 124 პირიდან 9647 კაცი იყო, 477 - ქალი.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საქართველოს სტატისტკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვრის ბოლოს პენიტენციურ სისტემაში სულ 8592 პირი იყო განთავსებული, მათ შორის 1702 ბრალდებული და 6890 მსჯავრდებული, 8215 კაცი და 377 ქალი. 

7 თვეში პატიმრების რაოდენობა 1532-ით, 17.8-ით გაიზარდა და ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობის 0.27% შეადგინა.

აგვისტოს ბოლოს ყველაზე მეტი მსჯავრდებული №15 (1639 მსჯავრდებული) და №17 (1475 მსჯავრდებული) დაწესებულებებში ირიცხებოდა.

პენიტენციურ სისტემას დაქვემდებარებულ 14 დაწესებულებაში არსებული საპატიმრო ადგილების საერთო ლიმიტირებული რაოდენობა 12 332-ს შეადგენს. აგვისტოს ბოლოს დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა დადგენილ ლიმიტზე 2208 ერთეულით (17.9%) ნაკლები იყო. თუმცა, ამ მხრივ, განსხვავებული მდგომარეობა ფიქსირდებოდა სხვადასხვა დაწესებულებებში. მაგალითად, №8 დაწესებულებაში, ე.წ. გლდანის ციხეში, მსჯავრდებულთა ლიმიტი 2426-ია, თუმცა იქ 418-ით მეტი პატიმარი ჰყავდაც შესახლებული. დადგენილ ლიმიტზე მეტი მაჩვენებელი იყო №2 და №15 დაწესებულებებშიც.

აგვისტოს ბოლოს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული იყო 3451 პირი. მათგან ყველაზე მეტი - 674 მსჯავრდებული სასჯელს №17 დაწესებულებაში იხდიდა.

სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, მსჯავრდებულთა რაოდენობის ზრდის მაჩვენებლები საგანგაშოა და მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში სისხლის სამართლის „უმკაცრესი პოლიტიკა ხორციელდება“.

„ეს ზრდა მომხდარია დაახლოებით 8-თვიან პერიოდში და მაღალი ზრდა არის. არ მახსენდება, ამ პერიოდში სისხლის სამართლის პოლიტიკაში რაიმე დიდი ცვლილება ყოფილიყო. ეს ნიშნავს იმას, რომ საკმაოდ მკაცრი მიდგომაა გამოყენებული“, - განაცხადა ბურჯანაძემ ტელეკომპანია „პირვლათან“ ინტერვიუში.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, „ქართულმა ოცნებამ“ ამნისტია გამოაცხადა, რის შედეგადაც დაახლოებით ათასი მსჯავრდადებული გათავისუფლდა, 4800-მდეს კი სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდა.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის ინიცირებამდე „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ ქვეყანაში 10 ათასამდე პატიმარი იყო, რაც „ოპტიმალური მონაცემები არ არის“.

„მნიშვნელოვანია, რომ ახლო მომავალში მნიშვნელოვნად შემცირდეს პატიმართა რაოდენობა იმისთვის, რომ დავუახლოვდეთ ოპტიმალურ ევროპულ მაჩვენებელს. სასურველი იქნებოდა, დაახლოებით, მინიმუმ 1/3-ით პატიმართა შემცირება“, - ამბობდა კობახიძე.

2025 წლის იანვარში „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა.

ევროპის საბჭოს ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, 100 000 მოსახლეზე პატიმრების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით, ევროპის საბჭოს 46 ქვეყანას შორის საქართველო მესამე ადგილზეა - თურქეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ.

განახლება: სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ 13 ოქტომბრის მდგომარებით, პენიტენციურ დაწესებულებებში საერთო ჯამში განთავსებულია 10 528 ბრალდებული/მსჯავრდებული. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ბრალდებულ/მსჯავრდებულთა საშუალო რაოდენობა უმნიშვნელოდ იცვლებოდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.