„ქართული ოცნების“ მიერ დანიშნულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, ინაუგურაციიდან მეოცე დღეს, 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. მის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული მოკლე ინფორმაციის მიხედვით, შეწყალების აქტის გამოცემა ნათლისღების დღესასწაულს უკავშირდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 2 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 3 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 4 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 5 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 6 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს. გამოჩენილი ჰუმანური დამოკიდებულებით, შეწყალებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ, დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად“, - ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში.
კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტისათვის მსჯავრდებულის შეწყალების საქმეს განსახილველად ამზადებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური. მსჯავრდებულის შეწყალებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
ა) უვადო თავისუფლების აღკვეთისა და ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლება;
ბ) შეფარდებული სასჯელის შემცირება ან უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა.
სასჯელმოხდილ პირს შეწყალების აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა.
ამასთან, კანონი ამბობს, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლების გამოყენებისას მიზანშეწონილია გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი გარემოებები:
- დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება, ოჯახური და ეკონომიკური პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი, სასჯელის მოხდის ვადა, ნასამართლობა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის; წარსულში მის მიმართ შეწყალების აქტის გამოცემა; ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება აანაზღაუროს ზიანი ან შეურიგდეს დაზარალებულს; დაზარალებულის მოსაზრება; მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის გაცნობიერება და მონანიება;
- მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელიც განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით ხასიათდება; მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი წამება, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა; ოჯახური დანაშაული, ოჯახში ძალადობა, აგრეთვე, დანაშაული ჩადენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, ბავშვის ან სხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლის მიმართ;
- მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული პოლიციელის, გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის ან სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილის მიმართ, დაკავშირებული მათ მიერ სამსახურებრივი ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან;
- დანაშაული ჩადენილი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიერ, რომელიც სასჯელს იხდის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 ან მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის გამო.
კანონის მიხედვით, პირის შეწყალების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, პრეზიდენტი, საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციას შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა ან/და დარგის სპეციალისტებთან გაივლის.
ყაველაშვილის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალებას პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე გამოეხმაურა. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, „რაც უნდა გენიოსზე ვსაუბრობდეთ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია“ 613 მსჯავრდებულის ინდივიდუალური საქმის და შეწყალების რისკების 20 დღეში შესწავლა.
„მით უმეტეს, ვსაუბრობთ საბაზისო განათლების არმქონე დე ფაქტო პრეზიდენტზე.
არ შეიძლება ამ მასშტაბის შეწყალება კრიმინალის მდგომარეობის და რეციდივის ანალიზის გარეშე. ამნისტიაზეც ვითხოვდით ანალიზის წარმოდგენას და რა თქმა უნდა, ვერ წარმოადგინეს.
ასეთ შეწყალებას ქვეყანაში, სადაც რეჟიმის „ბეზპრიძელია“ და ქუჩაში არაფორმალი ნიღბიანები დარბიან, ერთადერთი მიზანი აქვს: რეპრესიებისთვის საჭირო სამუშაო ძალის დამატება. და თუ მიზანი ეს არ არის, მაშინ სად არის ანალიზი?“ - წერს მეზვრიშვილი Facebook-ზე.
„ამნისტიის შესახებ“ კანონი, რომლითაც დაახლოებით ათას მსჯავრდადებულს დაუყოვნებლივ გათავისუფლება შეეხო, ხოლო 4 800-მდე ადამიანს სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდა, „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მიიღო, რის გამოც, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ის „ამომრჩევლის ირიბ მოსყიდვად“ შეაფასა.
ამნისტიის შესახებ კანონის მიღებამდე, საქართველოში პატიმართა რიცხოვნობა 10 400-ს შეადგენდა.