სახალხო დამცველი „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ საპროტესტო აქციების შემზღუდველ ახალ კანონს ეხმაურება და მიუთითებს კონსტიტუციის 21-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ყველას აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველისთვის არ არის მკაფიოდ განჭვრეტადი, რა შემთხვევაში შეიძლება ტროტუარზე პროტესტის გამოხატვამ უფლებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი შექმნას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
პარლამენტთან, ტროტუარზე შეკრებულ მოქალაქეებს პოლიციელები ეუბნებიან, რომ როდესაც შეკრება ხალხის სავალ ადგილას იმართება და მათ მოძრაობას აფერხებს, საჭიროა შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 დღით ადრე გაფრთხილება. შსს-ს წარმომადგენლების განცხადებით, გაფრთხილების წარდგენის შემდეგ, აქციის გამართვის მსურველები უნდა დაელოდონ სამინისტროს პასუხს და შესაბამის მითითებებს, ამ პროცედურის დაუცველობის შემთხვევაში კი, შეკრება კანონდარღვევად ჩაითვლება.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში 10 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, შსს-ს მიენიჭა უფლებამოსილება, გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში განიხილოს შეკრების ჩატარების ადგილის ან/და დროის, სვლაგეზის მიზანშეწონილობის საკითხი და გასცეს სავალდებულო მითითება, თუ ეს შეკრება, მათ შორის, საფრთხეს უქმნის ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას.
გაფრთხილების პროცედურის და შსს მიერ გაცემული მითითებების დაუცველობისთვის, აგრეთვე ხალხის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლებების შექმნისთვის გათვალისწინებულია მკაცრი სანქციები, რაც შეკრების მონაწილეების და ორგანიზატორების ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებას გულისხმობს.
სახალხო დამცველის შეფასებით, მითითებების მიცემის და უფლებაში ჩარევის საფუძვლები საკმაოდ ფართო განმარტებების შესაძლებლობას იძლევა.
„მსგავსი არამკაფიო საკანონმდებლო დათქმების პირობებში საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეკრების უფლებაში ჩარევისას უნდა იხელმძღვანელოს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრი მოთხოვნებით.
მნიშვნელოვანია, სამინისტრომ არ შეზღუდოს მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა უფლებები მაშინ, როდესაც ქვეითთათვის შექმნილი დისკომფორტი, გადაადგილების ალტერნატიული მარშრუტების, შეკრების მონაწილეთა რაოდენობის და შეკრების ფორმის გათვალისწინებით, არ აღწევს სერიოზულობის საკმარისად ხარისხს.
მსგავსი უფლებრივი სტანდარტის მხედველობაში მიღებით, სახალხო დამცველისთვის არ არის მკაფიოდ განჭვრეტადი რა შემთხვევაში შეიძლება ტროტუარზე პროტესტის გამოხატვამ უფლებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი შექმნას, მით უფრო, როდესაც უფლებით სარგებლობა, როგორც წესი, ამ ფორმით დროის მცირე მონაკვეთში ხორციელდება.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფართოდ ფორმულირებული საკანონმდებლო დანაწესების აღსრულება არ უნდა მოხდეს იმგვარად, რომ წინასწარი გაფრთხილების ვალდებულებამ პრაქტიკაში შეკრების გამართვის შესაძლებლობა ნებართვის მიღებას დაუქვემდებაროს, რაც პირდაპირაა აკრძალული საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
სახალხო დამცველი მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომაზე, რომლის თანახმად, არ შეიძლება, წინასწარი გაფრთხილების ვალდებულების დამდგენი რეგულაციები იქცეს ფარულ წინაღობად შეკრების თავისუფლებით სარგებლობისთვის. გარდა ამისა, როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) და ვენეციის კომისიის მიერ შემუშავებული შეკრების თავისუფლების სახელმძღვანელო პრინციპებში აღნიშნულია, რომ ასეთი ნორმის აღსრულება არ უნდა წარმოადგენდეს თვითმიზანს.
„სხვაგვარად, შეტყობინების განუხორციელებლობა იმთავითვე არ უნდა იწვევდეს შეკრების უკანონოდ მიჩნევას, მისი მონაწილეების უფლებაში ჩარევას ან მის დაშლას. [...] შეკრება, მისი ძირითადი ბუნებიდან გამომდინარე, შესაძლოა, იწვევდეს ცხოვრების ჩვეული რიტმის გარკვეულ შეფერხებას, თუმცა მსგავსი შეფერხება ხელისუფლებამ უნდა დაუშვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამით მომეტებულად ზიანდება შემხვედრი ინტერესი“, – აცხადებს სახალხო დამცველი.
