საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმაურება „ქართული ოცნების“ მიერ მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას და აცხადებს, რომ შესაძლოა, ისინი ანტიკონტიტუციური იყოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 3 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 4 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
კერძოდ, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ცვლილებები, შესაძლოა, წინააღმდეგობაში მოვიდეს როგორც გამოხატვის თავისუფლების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან, ისე საქართველოს კონსტიტუციასთან და შექმნას დაწესებული შეზღუდვების ზედმეტად ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობა.
„როგორც დღეს საზოგადოებისთვის საკომიტეტო განხილვის დროს გახდა ცნობილი, პირველი მოსმენის შემდეგ საკანონმდებლო პაკეტში გარკვეული ცვლილებები შევიდა და კიდევ უფრო გაფართოვდა დასჯად ქმედებათა ჩამონათვალი. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებად ცხადდება „ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ.
სახალხო დამცველის მოსაზრებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები შესაძლოა, წინააღმდეგობაში მოვიდეს როგორც გამოხატვის თავისუფლების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან, ისე საქართველოს კონსტიტუციასთან და შექმნას დაწესებული შეზღუდვების ზედმეტად ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველი შეაფასებს საბოლოოდ დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
7 კანონში განსახორციელებელი ცვლილებები „ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს მეორე მოსმენით განიხილა და მიიღო.
„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებით ფართოვდება „გრანტის“ ცნება. „ქართული ოცნება“ აპირებს, გრანტად მიიჩნიოს ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც შეიძლება მოხმარდეს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განსახორციელებელ საქმიანობას.
კანონპროექტის თანახმად, გრანტის მიმღებად ასევე მიიჩნევა სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას.
როგორც „ქართული ოცნების“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, უცხოეთში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს ვალდებულება ექნებათ, გრანტის მიღებამდე შესაბამისი თანხმობა საქართველოს მთავრობისგან მიიღონ.
თუ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოში აქვს რეგისტრირებული ფილიალი, წარმომადგენლობა ან განყოფილება, თანხმობის გარეშე მიიღებს გრანტს, ეს პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
„საქართველოში არსებობენ ფონდები, სხვადასხვა ორგანიზაციები და მათი, შესაბამისი, უცხოური „დედა კომპანიის“ წარმომადგენლობები და ფილიალები - მათაც, თანხის მიღების შემთხვევაში, ვალდებულება ექნებათ, საქართველოს მთავრობას შესაბამისი თანხმობის მისაღებად მიმართონ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პასუხისმგებლობად განსაზღვრულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით. სხვა პირების შემთხვევაში, მათზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გავრცელდება - იგულისხმება საქართველოში მოქმედი ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც გრანტებს იღებენ“, - განაცხადა გორდულაძემ.
კანონპროექტის თანახმად, იმ პირებს, რომლებსაც კანონის ამოქმედებამდე აქვთ მიღებული გრანტები, კანონის ამოქმედების შემდეგ ერთთვიანი ვადა ექნებათ, მიმართონ საქართველოს მთავრობას. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობასაც ერთთვიანი ვადა აქვს, გასცეს პასუხი - ან თანხმობა ან უარი.
„ერთთვიან პერიოდში, ამ პირებს შეეძლებათ, თანხები, მაგალითად, კომუნალური მომსახურებისთვის და სხვა ვალდებულების შესრულებისთვის დახარჯონ. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა არ გასცემს თანხმობას, ამ პირებს ვალდებულება ექნებათ, შეწყვიტონ მიღებული გრანტის გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
გრანტების შესახებ კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. შესაბამისი დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.
როგორც დღეს არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, კანონპროექტში ჩაიწერება, რომ ცვლილებები არ გავრცელდება ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ საყოფაცხოვრებო თანხებზე.
გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება მუხლები, რომელთა მიხედვითაც კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება 3 წლამდე პატიმრობით დაისჯება, ხოლო კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა ბრალის დამამძიბელი გარემოება იქნება.
ცვლილება შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც და მკაცრდება სასჯელი მეწარმე იურიდიული პირის „პოლიტიკურ აქტივობაზე“. არჩილ გორდულაძის განცხადებით, პირველ ჯერზე, პასუხისმგებლობა 20 000-ლარიანი ჯარიმა იქნება, განმეორებითი ქმედება კი გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
„თუ იურიდიული პირი პოლიტიკური აქტივობისთვის ადმინისტრაციულად სახდელდადებულია, მეორედ ჩადენის შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც ამ იურიდიულ პირს, ასევე დარღვევაზე პასუხისმგებელ შესაბამის ფიზიკურ პირს. სახდელდადებულობა გულისხმობს სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში ანალოგიური ქმედების ჩადენას. შემოთავაზებულია მუხლი, რომლის მიხედვით, პასუხისმგებლობა განისაზღვრება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 120-დან 200 საათამდე ან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით“, - აღნიშნა გორდულაძემ.
კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში გათვალისწინებული იყო ჯარიმა 40 000 ლარის ოდენობით.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებებით, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, 8 წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიის წევრობა აეკრძალება.
