„ამჟამად სახეზეა დადებითი დინამიკა, რაც გამოიხატება წონის მატებაში. თუმცა, პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით არ იძლევა საშუალებას მყარი დადებითი პროგნოზები იქნას გაკეთებული“, - სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი კვლავ საჭიროებს მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას და ფსიქოლოგიურ ინტერვენციას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 3 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 4 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 5 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 6 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
ექიმებმა კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 25 იანვარს შეაფასეს.
„პაციენტი ძირითადად წევს, თავს სუსტად გრძნობს, კითხვებს უხალისოდ პასუხობს. კოგნიტური ფუნქციების, შფოთვითი აშლილობის, დეპრესიის შეფასების შედეგი მიუთითებს მძიმე შფოთვაზე, მძიმე დეპრესიაზე. კვლავ რჩება კუნთთა ჰიპოტროფია, ნეიროპათია“, - კონსილიუმის აზრით, არსებული დადებითი დინამიკა განპირობებულია იმით, რომ პაციენტი წელიწადნახევარზე მეტია იმყოფება პოლიპროფილურ კლინიკაში მაღალპროფესიონალი ექიმების მეთვალყურეობისა და მკურნალობის ქვეშ, თუმცა ყველა ფსიქონევროლოგიური პათოლოგია კვლავ იგივე ხარისხისაა.
სახალხო დამცველის მანდატის გათვალისწინებით, ექსპერტთა ჯგუფი მხოლოდ პაციენტისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგს ახორციელებს. ჯგუფი არ ერთვება პაციენტის მკურნალობის უშუალო პროცესში.
მიხეილ სააკაშვილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“ მოთავსებულია 2022 წლის 12 მაისიდან, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. მას დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია საზღვრის უკანონო კვეთის, ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის - ე.წ. „პიჯაკების“ საქმეებზე. მესამე პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ პოლიტიკურად იდევნება.
