საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებით ეხმაურება დავით გორგილაძის გადაცემის დახურვის შესახებ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას და წერს, რომ „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ გარდა, ასევე იხურება არხი „ტელესკოლა“, გადაცემები - „დღის კოდი“, „ფერმა“, „თავისუფალი ხედვა გიორგი გვიმრაძესთან ერთად“, „ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ“, „ნატალიასთან და დათუნასთან ერთად“, „კაცები PLAY“. საქართველოს პირველი არხი ამის მიზეზად მაუწყებლის დაფინანსების წესისა და შენობის შეცვლას ასახელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით შეიცვალა მაუწყებლის დაფინანსების მოდელი და წესი. ასევე ცნობილია, რომ 2024 წელს მაუწყებელი იცვლის შენობას და გადადის ახალ მისამართზე, ეს კი უკავშირდება ინფრასტრუქტურულ და ტექნოლოგიურ ცვლილებას, რაც, თავის მხრივ, ზრდის ორგანიზაციის კაპიტალურ ხარჯებს.
არსებული მოცემულობა ახალი რეალობის წინაშე აყენებს ორგანიზაციას, რომელიც ვალდებულია, ერთი მხრივ, შეინარჩუნოს უწყვეტი მაუწყებლობა, შეასრულოს ნაკისრი შინაარსობრივი ვალდებულებები და, მეორე მხრივ, ახალი გარემოებიდან გამომდინარე, შეცვალოს დაგეგმილი პროგრამირება.
საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებული ყველა გადაცემა ერთნაირად ღირებული, ხარისხიანი და მნიშვნელოვანია. მრავალფეროვნება – ინფორმირება, შემეცნება, გართობა და სპორტი, რომელიც ნებისმიერი საზოგადოებრივი მაუწყებლის ქვაკუთხედია, ითვალისწინებს ყველა ტიპის მაყურებლის გემოვნების დაკმაყოფილებას და გამორიცხავს გადაცემების პოლიტიზებას.
არხზე წლების განმავლობაში არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული შინაარსის პროგრამები და ეს მიდგომა უცვლელი რჩება, რესტრუქტურიზაცია დაიგეგმა მოცემული ფინანსური ცვლილებებიდან გამომდინარე და სხვადასხვა ფორმით შეეხება ყველა პროექტს, ასევე ორგანიზაციის თითოეულ თანამშრომელს.
კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია რომელიმე გადაცემის ირგვლივ საკითხის პოლიტიზება, რადგან ამ ეტაპისთვის არსებული ცვლილებებიდან გამომდინარე, თითოეულ გადაცემაზე დანაკლისი ექნება სხვადასხვა ტიპის მაყურებელს, საკუთარი გემოვნებისა და პრეფერენციების მიხედვით.
ასევე ცვლილებებთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს ყველა გარეწარმოების (6 კომპანია) კომპანიასთან.
გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა 14 დეკემბერს, გუშინ კი დასრულდა ყველა პროექტის შემოქმედებით ჯგუფებთან პირისპირ კომუნიკაცია, დღეს გაცნობებთ არსებულ ვითარებას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, რადგან ინტერპრეტაცია მხოლოდ ხელს შეუშლის რეალური სურათის დანახვას“, - ნათქვამია პირველი არხის განცხადებაში.
პირველ არხს არ განუმარტავს, რა თანხებს დაზოგავს ამ გადაცემების დახურვით და რამდენად აუცილებელი იყო მათ შორის, მოთხოვნადი პროექტების გაუქმება.
დათო გორგილაძის გადაცემის დახურვის შესახებ ინფორმაცია 15 დეკემბერს გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ წამყვანი საჯაროდ აფიქსირებდა თავის პოზიციას „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ, რომლის მიღებაც „ქართულმა ოცნებამ“ მიმდინარე წლის მარტში სცადა. 6 მარტს, კანონპროექტის მხარდამჭერი დეპუტატების შესახებ გორგილაძემ დაწერა:
„გამარჯობა არ უთხრათ. ვისაც გამბედაობა გეყოფათ სახეში მიახალეთ, რომ სინდისგარეცხილი, შუბლზე ძარღვგაწყვეტილი ადამიანები არიან. შეარცხვინეთ [რთული იქნება, გაგიჭირდებათ, მაგრამ სცადეთ]. ქართულ სუფრაზე თუ მათთან ერთად მოხვდებით, შესამჩნევად ადექით და დატოვეთ იქაურობა. ამას იმსახურებს ყველა, ვინც მაგ კანონს მხარს დაუჭერს. დრო ამას ისედაც იზამს, გარდაუვალია, მაგრამ აქედანვე დავიწყოთ“.