„ქართული ოცნების“ იუსტიციის სამინისტრო 20 ივნისის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას ეხმაურება და წაგებულ დავაზე პასუხსმგებლობას შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, გიორგი გახარიას აკისრებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 2 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 3 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 4 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
- 5 ზურაბიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, კამიტის შესაძლო გამოყენება გამოიძიონ
- 6 პროკურატურამ ყვარლის მერის მოადგილეს და საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალი წარუდგინა
როგორც სამინისტროში განაცხადეს, იმის გამო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო პროპორციული ძალის გამოყენება დემონსტრანტების მიმართ, დადგინდა ევროპული კონვენციის მე-3 (არასათანადო მოპყრობა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრების თავისუფლება) მუხლების დარღვევა
„ქართული ოცნების“ იუსტიციის სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა სტრასბურგის სასამართლოს პალატის 2024 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით დადგენილი გამოძიების ხარვეზები და დაიწყო შსს-ის ხელმძღვანელობის მიერ ოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის გამოკვლევა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან მისი შესაბამისობის დასადგენად.
შედეგად, 12 ნოემბერს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა მოქალაქეების ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით. პროკურატურის მტკიცებით, 20 ივნისს, მან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს „ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით დაავალა სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად, პარალელურ რეჟიმში გამოყენება, ყოველგვარი გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისათვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე“.
გახარიას, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება, დაუსწრებლად შეეფარდა წინასწარი პატიმრობა.
აღსანიშნავია, რომ 20 ივნისის მოვლენებიდან ორ თვეში, გიორგი გახარია დააწინაურეს და მან შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გადაინაცვლა.
„ვფიქრობ, რომ წერტილი დაესვა პოლიტიკურ განცხადებებს, თითქოს გახარიას მიმართ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.
როგორც სალიას მოადგილე ბექა ძამაშვილი ამბობს, დიდი პალატის გადაწყვეტილება პროკურატურის საბრალდებო დასკვნასთან თანხვედრაშია.
„ფაქტობრივად, დიდმა პალატამ დღევანდელი გადაწყვეტილებით დაამტკიცა ის, რაც ნოემბრის პროკურატურის ბრიფინგით საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, რომ შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის, გიორგი გახარიას მხრიდან არასწორად იყო გაცემული დავალებები, როგორ უნდა მომხდარიყო ასეთი ძალადობრივი აქციის დროს რეაგირება. არ იყო პროპორციული ძალა გამოყენებული და შეიძლება, ითქვას, რომ დიდი პალატის ეს გადაწყვეტილება გარკვეულწილად არის სრულ თანხვედრაში იმასთან, რაც პროკურატურამ უკვე ბრალში გამოკვეთა“, – განაცხადა ძამაშვილმა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ დღეს, 11 დეკემბერს გამოაცხადა. დიდმა პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან დაირღვა:
- ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ორივე (პროცედურული და არსებითი) ასპექტი – არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა/ეფექტური გამოძიების არარსებობა;
- კონვენციის მე-10 მუხლის – გამოხატვის თავისუფლება;
- კონვენციის მე-11 მუხლი – შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება.
„არაეფექტური გამოძიებისა და საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოში არსებული ხარვეზების რაოდენობის გათვალისწინებით, რომლებმაც გავლენა მოახდინეს დემონსტრაციის დაშლის წესზე, სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მე-3 მუხლის ორივე ასპექტის დარღვევას“, - განმარტა დიდმა პალატამ.
პროცედურულ ასპექტთან დაკავშირებით სასამართლომ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ხუთწელიწად-ნახევარზე მეტხანს გაგრძელდა, მას ჯერ არ მოჰყოლია ყველა შესაბამისი გარემოების ყოვლისმომცველი შეფასება ან რაიმე დასკვნა ან ბრალდების წაყენება მომჩივნების მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით და იმ სახელმწიფო მოხელეების ვინაობის დადგენა, რომლებმაც სავარაუდოდ გამოიყენეს აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გადამეტებული ძალა ან გასცეს ასეთი ბრძანება.
მე-3 მუხლის არსებით ასპექტთან დაკავშირებით, დიდი პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო, სულ მცირე, უნდა ითვალისწინებდეს უსაფრთხოების რამდენიმე მოთხოვნას პოლიციის მიერ დემონსტრაციების დროს კინეტიკური ზემოქმედების მქონე ჭურვების გამოყენებასთან დაკავშირებით. მაგალითად, მათი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მიზანმიმართულად - და არა ხალხის მასის ზოგადი კონტროლის საშუალებად - და ისე, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი სამიზნე პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკი.
„სამი-ოთხი საათის განმავლობაში დაახლოებით 800 რეზინის ტყვია იქნა გასროლილი და ხშირად ადამიანების თავებისა და ზედა ტანის მიმართულებით, როგორც ეს 17 განმცხადებლის შემთხვევაში მოხდა.
როგორც იტყობინებიან, დიდი რაოდენობით მრავალჯერადი ჭურვები იყო ნასროლი და არ არსებობს არანაირი მითითება იმისა, რომ მათ გამოყენებამდე პოლიციის თანამშრომლებმა გააკეთეს გაფრთხილება სროლის შესაძლებლობის შესახებ. პირიქით, შინაგან საქმეთა მინისტრმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ასეთ ვითარებაში ასეთი გაფრთხილებები საჭირო არ იყო.
ასევე, როგორც ჩანდა, ოფიცრებს არ ჰქონდათ გავლილი სწავლება რეზინის ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებში და წინა ხაზზე მომუშავე პერსონალს არ მოეთხოვებოდა ბრძანების ჯაჭვის მკაცრად დაცვა“, – აღნიშნა დიდმა პალატამ.
ამასთან, დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ არ დარღვეულა ევროპული კონვენციის 38-ე მუხლი (საქმის განხილვისთვის ყველა საჭირო პირობის უზრუნველყოფის ვალდებულება).
საქმე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ, მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის დარბევას ეხებოდა. საპროტესტო აქცია მოჰყვა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის ფარგლებში, რუსეთის დუმის წევრის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას და რუსულ ენაზე სიტყვით გამოსვლას.
მომჩივანი საქართველის 26 მოქალაქე იყო, რომელთაგან ყველა, ერთის გამოკლებით, ან დემონსტრაციის მონაწილეები იყვნენ, ან ჟურნალისტები, რომლებიც პროტესტს აშუქებდნენ. მათი უმეტესობამ დაზიანებები ხელისუფლების მიერ რეზინის ტყვიების („კინეტიკური ზემოქმედების ჭურვები“) გამოყენების შედეგად მიიღო, ნაწილი კი პოლიციის მიერ ძალის გადამეტების მსხვერპლი გახდა.
სასამართლოს პალატამ 2024 წლის 7 მაისს გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევები დაადგინა 26 განმცხადებლიდან 24-ის მიმართებაში. პალატამ თავი შეიკავა მე-3 მუხლის არსებითი ასპექტის არსებით განხილვასთან და მე-10 და მე-11 მუხლებით გათვალისწინებული საჩივრების დასაშვებობასა და არსებით განხილვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისგან. პალატამ დაადგინა, რომ საქართველომ შეასრულა 38-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები და გასცა მითითება 46-ე მუხლის (განაჩენების სავალდებულო ძალა და აღსრულება) შესაბამისად, პროტესტის დასაშლელად ძალის გამოყენების შესახებ შიდასახელმწიფოებრივ გამოძიებასთან დაკავშირებით.
2024 წლის 1 აგვისტოს, მომჩივნებმა საქმის დიდი პალატისთვის გადაცემა მოითხოვეს, რაც დაკმაყოფილდა. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიიჩნევდა, რომ სასამართლოს პალატას შეეძლო კონვენციის მე-3, მე-10, მე-11 მუხლებით გარანტირებულ უფლებათა არსებითი დარღვევის დადგენაც.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ ორ მომჩივანს უნდა გადაუხადოს 75 000 ევრო (თითოეულს), ხოლო ორ მომჩივანს - 85 000 ევრო (თითოეულს) მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად. ასევე, საქართველომ ყველა მომჩივანს უნდა გადაუხადოს სხვადასხვა თანხა, რაც გადაწყვეტილებაში იქნება მითითებული, არამატერიალური ზიანსთვის და 22 მომჩივანს ჯამში 38 414 ევრო ხარჯების ასანაზღაურებლად.
