საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი და ევროპის ქვეყნების ლიდერები საჯაროდ მიმართავდნენ და მიმართავენ საკუთარ მოქალაქეებს, არ მიიღონ მონაწილეობა უკრაინაში საომარ მოქმედებებში და ეს სოლიდარობა სხვა ფორმით გამოხატონ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„უკრაინაში ძალიან მძიმე ვითარებაა და დღეს, მსოფლიოსა და ევროპაში ძალიან რთული ვითარებაა. ჩვენ, როგორც პასუხისმგებელი მთავრობა, რა თქმა უნდა, ვალდებული ვართ, რომ ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე და ჩვენი თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს კარგად გააზრებული, აწონილი, შეფასებული, რომ რაიმე ფორმით ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს, ქვეყანას არ შევუქმნათ პრობლემები. ჩვენი მთავარი ვალდებულება ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებაა, რაც ჩვენი კეთილდღეობის განმსაზღვრელია.
ჩვენ სამჯერ ვიომეთ, მეგობრებო, სამჯერ ვიომეთ მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა აღვადგინეთ. საკმარისია. ჩვენ გვსურს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება მშვიდობიანი გზით.
ეს არის გონივრული, ეროვნული პოლიტიკა და არა ომით და მით უმეტეს წაგებულ ომებში ჩვენი ხალხის შეყვანით“,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ღარიბაშვილმა ოპოზიციას ფარისევლები უწოდა და უკრაინაში, კიევში „სელფების“ გადაღების ნაცვლად, ფრონტის წინა ხაზზე წასვლა შესთავაზა.
„რომელი პოლიტიკოსი გინახავთ ან უნახავს ვინმეს ომში გარდაცვლილი? ბევრს რომ ლაპარაკობენ, „ფეისბუქში“ რომ არიან აქტიურები და გარკვეული ვითომ ძალიან დიდი ვაჟკაცური, გაბედული პოსტებით რომ გამოირჩევიან წავიდნენ და იომონ არა კიევში, „სელფებს“ რომ იღებდნენ, წინა პლანზე წავიდნენ, ფრონტის წინა ხაზზე წავიდნენ და იომონ, თუ ასე ძალიან უნდათ მაინცდამაინც უკრაინაში ომში მონაწილეობის მიღება.
ხალხმა ძალიან კარგად იცის, ხალხი ბრძენია და ყველა კარგად ხედავს, მაგრამ ვინაიდან ყველა ასეთ მცდელობაზე, ასეთ ტრაგედიაზე ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას, ამიტომ ყოველთვის შევახსენებ, რომ ეს არის ამორალური ფარისევლობა.
ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორი განცხადებებით გამოდიოდნენ ომის პარტიის წარმომადგენლები, მათი სახალხო დამცველი ქალბატონი ლომჯარია, რომ გვირჩევნია ბომბები ცვიოდესო, საქართველოში, თბილისში, გამოდიოდნენ და ასეთი განცხადებებით დაგვამახსოვრეს თავი.
რა უნდა გაგვიკვირდეს ამ ადამიანებისგან საერთოდ? თქვენ ახლა ვინმეს გგონიათ რომ ამ ადამიანებს უხარიათ დღეს ჩვენთან მშვიდობა რომ არის და ეს სტაბილურობა და ეს კეთილდღეობა? გასაგებია, ჩვენ ყველას ძალიან არ მოგვწონს და ვართ უკიდურესად შეშფოთებულები რაც ხდება უკრაინაში მაგის გამო, მაგრამ შეხედეთ, ნატო-ს წევრი ქვეყნები, სახელმწიფოები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები როგორ იქცევიან. ჩვენ ვართ ოკუპირებული სახელმწიფო, ტერიტორიების დიდი ნაწილი არის ოკუპირებული, ამიტომ ჩვენს ნებისმიერ სიტყვას და ქმედებას სჭირდება ძალიან დიდი გააზრება და ჩვენ ეს კარგად გვაქვს გააზრებული, ამიტომ ჩვენს მაგივრად ისინი ნუ გაირჯებიან. მათ უნდა მოუხადონ ბოდიში ყოველ დღე დილით და საღამოს ჩვენს ხალხს, საზოგადოებას, იმისთვის, რაც დამართეს ჩვენს ქვეყანას, ახლა ჩვენ გვაცადონ და გვადროვონ ქვეყნის მართვა,“- აღნიშნა პრემიერმა.
უკრაინაში, ქალაქ ბახმუტში ერთდროულად 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მომხდარიდან მესამე დღეს გამოეხმაურა, დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და თქვა, რომ უკრაინაში საბრძოლველად ქართველები „ომის პარტიას“ მიჰყავს.