წარმოშობით ქართველი და წლების განმავლობაში რუსეთში მოღვაწე მომღერალი ირაკლი ფირცხალავა 29-30 ივლისს, ბათუმში „პორტა თაუერში“ (ანბანის კოშკთან), „საქართველოში ყველაზე მასშტაბურ“ უძრავი ქონების გამოფენას „EXPO-2023“-ს აანონსებს. ღონისძიების ორგანიზატორია მისივე დაფუძნებული უძრავი ქონების სააგენტო People.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენის ფართო შესაძლებლობებს სთავაზობს, თუმცა, ისევე როგორც ყველგან, აქაც თავისი წესები და წყალქვეშა ქვები არსებობს. თქვენ არ მოგიწევთ ყველაფერში დამოუკიდებლად გარკვევა. ჩვენ, უძრავი ქონების სააგენტო People, გიწვევთ პირველ ЕХРО-ზე, რომელიც ბათუმში საუკეთესო უძრავ ქონებას მიეძღვნება. აქ თქვენ მიიღებთ პასუხს ყველა შეკითხვაზე, პირადად გაესაუბრებით ჩვენს სპეციალისტებს და დარწმუნდებით, რომ თქვენთვის იდეალური უძრავი ქონების პოვნა ბათუმში რეალურია“, - ნათქვამია ფირცხალავას განცხადებაში, რომელიც გამოფენის რუსულენოვან ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
გამოფენაზე დასწრება უფასოა და როგორც ფირცხალავა ამბობს, ის მისი კონცერტით დასრულდება.
სააგენტო People პოტენციურ კლიენტებს ბათუმში უძრავი ქონების შეძენის ძირითად უპირატესობებს აცნობს, მათ შორისაა, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღება, უძრავი ქონების გადასახადის არარსებობა და დისტანციურად შეძენის შესაძლებლობა.
გამოფენის ორგანიზატორი მონაწილეებად ასახელებს არაერთ ქართულ სამშენებლო კომპანიას - „მარდი ჰოლდინგი“, „ტერასა ჯგუფი“, „გურუ ჰოლდინგი“, „დრიმლენდ ოაზისი“, „ელთ ბიზნეს ჯგუფი“, „მეტრო სითი“ და სხვა. „საქართველოს ამბები“ რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა.
„ტერასა ჯგუფში“ განაცხადეს, რომ გამოფენის ორგანიზატორებმა მათი ლოგო უნებართვოდ გამოიყენეს და ღონისძიების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ“ „ამის შესახებ დღეს გავიგეთ და ვაპირებთ, რაღაც ზომებს მივმართოთ“.
„მეტრო ჰოლდინგშიც“ განმარტეს, რომ დღემდე გამოფენის შესახებ არაფერი იცოდნენ და სავარაუდოდ, რაღაც გაუგებრობა მოხდა.
„ელთ ბიზნეს ჯგუფშიც“ თქვეს, რომ კომპანიის ლოგო უნებართვოდ გამოიყენეს - „ვადასტურებთ, რომ გამოფენაში მონაწილეობაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, თუმცა მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ ეს არ იყო საერთაშორისო სტანდარტების გამოფენა, ურთიერთობა გავწყვიტეთ“.
განცხადება გაავრცელა სამშენებლო კომპანია „გუმბათი ჯგუფმა“: „შემოთავაზება ნამდვილად გვქონდა, თუმცა, ღონისძიებაში მონაწილეობაზე მაშინვე უარი ვთქვით. კომპანიის სახელი და ლოგო უნებართვოდ არის გამოყენებული“.
„საქართველოს ამბები“ ფირცხალავას სააგენტო People-საც დაუკავშირდა იმის გასარკვევად, რომელი კომპანიები იქნებიან წარმოდგენილი გამოფენაზე. როგორც სააგენტოს წარმომადგენელმა გვითხრა, გამოფენის ჩატარება ღია ცის ქვეშ იგეგმებოდა და ამინდის გამო, შესაძლოა, გადაიდოს. მათი თქმით, მონაწილე კომპანიების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.
ერთ წელში რუსეთის მოქალაქეებმა 474 649 კვ.მ. მიწა იყიდეს, 6 თვეში 8872 ინდ.მეწარმე დარეგისტრირდა