პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარეს, ნიკა მელიას სამტრედიაში თავს დაესხნენ. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც პოლიტიკოსი ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა. ახალგაზრდა მამაკაცი ნიკა მელიას მიეპარა და მას მუშტი ჩაარტყა თავში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 3 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
- 4 ევროკომისია: საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი
- 5 სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი გაათავისუფლეს – პაპასქუა საგარეო უწყებას ტოვებს
- 6 ოთარ ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული
„არ ვიცი, ვინ არის, სიმართლე გითხრათ, ალბათ, აზრიც არ აქვს და სურვილიც არ მაქვს, ვიცოდე, ვინ არის. მათი კრებსითი სახელია ოლიგარქიული რეჟიმის წარმომადგენლები... როცა უკანასკნელი თვეების განმავლობაში 17, 18, 19 წლის ახალგაზრდებს - და არამხოლოდ ახალგაზრდებს - სახლებთან უსაფრდებოდნენ და მხოლოდ იმიტომ უსწორდებოდნენ ფიზიკურად, რომ ისინი საკუთარი ქვეყნის ინტერესს იცავდნენ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რაც მოხდა. უარესიც მოხდება, მაგრამ ეს ხელისუფლება დამარცხდება“, - განაცხადა მელიამ თავდასხმის შემდეგ.
უცნობია, დაიწყო თუ არა პოლიციამ მომხდარზე გამოძიება. ნიკა მელიას თქმით, ინციდენტის შემდეგ მას „არავისთვის მიუმართავს“. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მელიაზე თავდამსხმელი „ქართული ოცნების“ ე.წ. ტიტუშკაა.
სამტრედიაში დღეს პარტია „ახალის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ საარჩევნო კოალიციის ოფისი გაიხსნა. ნიკა მელიას გარდა, ამომრჩევლებს ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარიაც შეხვდნენ.
26 ივლისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციის წევრებს ხალხთან დალაპარაკება მოუწევთ და გასაკვირი არ იქნება, თუ მოქალაქეები მათ „პასუხს მოსთხოვენ“. „განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ კახელები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ღვინის შეგინებისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ აჭარლები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ტურისტებისთვის კვერცხების დაშენისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ ქართველები, ვისაც რუსეთში ოჯახის წევრები ჰყავთ, პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას აეროპორტის პიკეტირებისთვის? დაბოლოს, რომელ ქალაქშიც, რომელ სოფელშიც და რომელ უბანშიც არ უნდა მივიდნენ, განა გასაკვირია, რომ მათ პასუხს მოსთხოვენ იმისთვის, რომ ხალხს ომისთვის, ნგრევისთვის და სიკვდილისთვის სწირავდნენ?“, - განაცხადა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის ეს განცხადება ოპოზიციის წევრებმა ძალადობისა და დაპირისპირებისკენ მოწოდებად შეაფასეს.
