რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, დღეს, 1-ელ ნოემბერს, საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. ორი მათგანის დაკავება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევთან მოხდა, ერთის კი სოფელ ზერტთან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 2 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 3 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე გაააქტიურეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“, მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე 19 ოქტომბერსაც დააკავეს. 55 წლის თამაზ გლურჯიძე მეორე დღეს გაათავისუფლეს.
ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს ოთხი მოქალაქე: გელა იობაშვილი, კახაბერ ნათაძე, ლაშა ხეთერელი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მამუკა ჩხიკვაძე, რომელიც 2021 წლის დეკემბერში დააკავეს და 3.8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გასულ წელს, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებმა აფხაზეთის მიმართულებით უკანონოდ საქართველოს 11 მოქალაქე დააკავეს, ხოლო ცხინვალის მხარეს - 70.
ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაშია ირაკლი ბებუა, რომელიც გალის რაიონში, 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს აფხაზური დროშის დაწვის გამო. ფაქტის ამსახველ ვიდეოში ბებუა ამბობს, რომ დროშა შეგნებულად დაწვა, რადგან არ მოსწონს 27 სექტემბერს - სოხუმის დაცემის დღის აფხაზეთში ზეიმით აღნიშვნა და „ქართველებისა და აფხაზების ძმურად ყოფნა სურს“. ირაკლი ბებუა დროშის დაწვიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. იმავე დღეს, მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს დე ფაქტო მილიციამ ამოიღო ხელყუმბარა, რომელსაც თითქოსდა ბებუა საკუთარი ბალიშის ქვეშ ინახავდა. ბებუას აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა შეეფარდა. ბებუას ადგილობრივი ადვოკატის აპოლონ გელედიას განმარტებით, საერთო რეჟიმის კოლონიაში სასჯელის მოხდისას ერთი დღე ითვლება ორ დღედ. ამიტომ, ბებუა პატიმრობაში 4 წელი და ექვსი თვე იქნება.
