საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს და „ქართული ოცნების“ მსგავსად, ევროკავშირის რეკომენდაციებს აკრიტიკებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ „რეკომენდაციების შინაარსი ქართველი საზოგადოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 4 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 5 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 6 ახობაძის ადვოკატი: ექსპერტმა დაადასტურა, რომ ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე გადატანილი იყო ნერწყვი
„საუბარია იმ ნაწილზე, რომელიც ითვალისწინებს ოჯახის სიწმინდის დაცვისა და არასრულწლოვანთა მიმართ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვის კანონმდებლობის გაუქმების მოთხოვნას“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა და არა „საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე“.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანახმად, აღნიშნული მიდგომა სრულად ეწინააღმდეგება იმ პრინციპებსა და განცხადებებს, რომლებიც წლების განმავლობაში ვრცელდებოდა როგორც ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებისაგან, ისე მაღალი რანგის დიპლომატებისაგან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალიერარქებთან გამართული არაერთი შეხვედრისას.
„მათი მხრიდან ყოველთვის ნათლად იყო განმარტებული, რომ საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი არ უკავშირდება არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდის ხელშეწყობას.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან შეხვედრებზე (რომელთა ჩანაწერებიც არსებობს) ყოველთვის მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ ქართველი ხალხის ნებაა ქრისტიანული და ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვა. ასევე ნათქვამი იყო, რომ ქვეყნის ევროსტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე კატეგორიული მოთხოვნა და რაიმე ვალდებულების დაკისრება, რაც ჩვენი ტრადიციების საპირისპირო იქნებოდა, არ მოხდებოდა.
უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ევროპული არჩევანი შეიძლება განხორციელდეს იმ პირობებში, როდესაც თავსმოხვეული არ იქნებოდა ღვთის საწინააღმდეგო სწავლება, როგორიც არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა. ყოველივე ამის ფონზე ევროპელთა ამჟამინდელ რეკომენდაციებში ისეთი დებულებების შეტანა, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად გულისხმობს ლგბტ პროპაგანდისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონების გაუქმებას, დიდ გაწბილებას იწვევს, სრულად ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ღვთის სწავლებებსა და ქრისტიანობის საფუძვლებს, არამედ იმ ზეპირსიტყვიერ და წერილობით დაპირებებსაც, რომლებიც წარსულში არაერთგზის დაფიქსირდა პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობისას.
აღსანიშნავია, რომ თავის დროზე კანონები ოჯახური ფასეულობების თაობაზე და არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდისაგან ახალგაზრდების დაცვის შესახებ, მორწმუნე საზოგადოებამ სრულად გაიზიარა და ეკლესიამ მადლიერება გამოთქვა ხელისუფლებისადმი. დღესაც, არსებულ პირობებში, მორწმუნე საზოგადოებას მიაჩნია, რომ ჯანსაღი საზოგადოებრივი ცხოვრების წესის განსამტკიცებლად ეს კანონები ყოველმხრივ ადეკვატურია.
სამწუხაროდ, ევროკავშირის ბოლო რეკომენდაციები დღეს უკვე ღიად ურთიერთშეუთავსებელ პოზიციაში წარმოაჩენს, ერთი მხრივ, ოჯახური ტრადიციების მხარდაჭერას და მოზარდების ლგბტ პროპაგანდისაგან დაცვას, მეორე მხრივ კი, ქვეყნის ევროპისკენ სწრაფვის პერსპექტივას, რაც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში იმედგაცრუებას იწვევს“, - ნათქვამია განცხადებაში.
14 ივლისს, ევროკომისიამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გაუგზავნა წერილი და ვადა აგვისტოს ბოლომდე მისცა „ვიზის შეჩერების მექანიზმის“ შესახებ ევროკომისიის მეშვიდე ანგარიშში მოცემული 8 რეკომენდაციის შესასრულებლად. საქართველომ უზრუნველყოს და დაიცვას ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.
რეკომენდაციებს შორისაა ნებისმიერი იმ კანონის გაუქმება, რომელიც ზღუდავს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს, არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააუქმოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ შესახებ კანონი, ასევე საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.
ეს რეკომენდაციები ჯერ კიდევ 2024 წლის 6 დეკემბერს არის გაცემული. ევროკომისია წერილში მიუთითებს, რომ „ქართული ოცნებას“ ხელისუფლების მიერ „შესაბამისი ქმედებების“ არ განხორციელების გამო, 2025 წლის იანვარში, ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულება ნაწილობრივ შეაჩერა და დიპლომატიური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმი დაასრულა.
ევროკომისია რეკომენდაციების შესრულებას შეაფასებს და დარღვევების გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი დააყენოს დღის წესრიგში.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი „არაეგზისტენციური საკითხია“. კობახიძემ „ეგზისტენციურ საკითხებად“ დაასახელა მშვიდობა, სტაბილურობა და ოჯახური ღირებულებები, რასაც, მისივე თქმით, ბოლო პერიოდში მიღებული კანონებით იცავენ.
