„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ არ აპირებენ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას. მედიასთან კომენტარის დროს, კობახიძემ სცადა პროპაგანდის გავრცელება, თითქოს, რეკომენდაციები წინააღმდეგობაში მოდის ქვეყანაში „მშვიდობასთან და სტაბილურობასთან“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 4 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 5 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 6 სტიკერის გაკვრაზე მზია ამაღლობელი მეორედ გაასამართლეს და 1000 ლარით დააჯარიმეს
„მე მგონია, რომ კონტრპროდუქტიულ ნაბიჯს ევროპული ბიუროკრატია არ გადადგამს, ეს იქნება აბსოლუტურად ირაციონალური ... არასწორია ქართველი ხალხის შანტაჟი იმის გამო, რომ მან ხელისუფლებაში არ დააბრუნა სისხლიანი პოლიტიკური ძალა, კოლექტიური ნაცმოძრაობა“, - განაცხადა კობახიძემ შეკითხვაზე, რას აკეთებს „ქართული ოცნება“ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
„თუ ვინმე ასე აყენებს საკითხს, რომ ან მშვიდობა და სტაბილურობა ან ვიზალიბერალიზაცია... გამჭვირვალობის კანონის მიღებას როცა გვიკრძალავენ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის უნდათ მშვიდობისა დ სტაბილურობის წართმევა. როდესაც გვეუბნებიან, რომ არ უნდა მიიღო კანონი, რომელიც უცხო ძალებს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას უკრძალავს, ეს, რა თქმა უნდა, იმას ნიშნავს, რომ გემუქრებიან სტაბილურობის და შემდეგ მშვიდობის დაკარგვით.
თუ ასე დადგება საკითხი, ან მშვიდობა და სტაბილურობა, ან ვიზალიბერალიზაცია, რა თქმა უნდა, ჩვენ უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობასა და სტაბილურობას. ეს ქართველი ხალხის არჩევანია. ასე გვიყენებენ საკითხს. ჩვენ მშვიდობას და სტაბილურობას ვირჩევთ, არ დავთმობთ მშვიდობას და სტაბილურობას.
ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში ოთხი რევოლუციის მცდელობა გამოვიარეთ. რაც შეეხება იმ ტენდენციებს, რაც არის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ეს ტენდენციები შემშფოთებელია. იყო პირდაპირი დაფინანსება, რომელიც მიმართული იყო საქართველოში ამ ტენდენციების განვითარებისკენ და ამას უპირისპირდება კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, - თქვა კობახიძემ.
„ვიზალიბერალიზაციის გარეშე დარჩენა არ არის პრობლემა?“ - ჰკითხა ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს, რაზეც პასუხი იყო:
„ჯერ ერთი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის შანტაჟი. ვიზალიბერალიზაცია ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეს დასჭირდება ვიზა, რათა საქართველოდან გაემგზავროს ევროპაში. რაც შეეხება დანარჩენს, მშვიდობა, სტაბილურობა, მათ შორის, ოჯახური ღირებულებები, ეს არის ეგზისტენციური საკითხები.
ევროპაში წახვალ ვიზით, თუ უვიზოდ, ეს არ არის ეგზისტენციალური საკითხი. მაგრამ, რასაც გვთავაზობენ, რომ მშვიდობა უნდა დაგვირღვიონ, სტაბილურობა უნდა დაგვირღვიონ, ეს არის ეგზისტენციალური საკითხები. როდესაც ეგზისტენციალური საკითხი უპირისპირდება არა ეგზისტენციალურს, ბუნებრივია, უპირატესობა უნდა მიანიჭო ეგზისტენციალურს.
მთავარი რა არის - თქვენ ნუ ინერვიულებთ, თქვენი იმედი შეიძლება იყოს, რომ საქართველოში დაირღვევა მშვიდობა და სტაბილურობა, თუმცა ჩვენ საქართველოში მშვიდობას და სტაბილურობას არავის დავუთმობთ“.
ევროკომისიამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გაუგზავნა წერილი და ვადა აგვისტოს ბოლომდე მისცა „ვიზის შეჩერების მექანიზმის“ შესახებ ევროკომისიის მეშვიდე ანგარიშში მოცემული 8 რეკომენდაციის შესასრულებლად.
რეკომენდაციებს შორისა ნებისმიერი იმ კანონის გაუქმება, რომელიც ზღუდავს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს, არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააუქმოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ შესახებ კანონი, ასევე საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.
კობახიძემ ევროკომისიის ამ მიმართვაზე საუბრისას, საბჭოთა კავშირთან გაავლო პარალელი და განაცხადა:
„მზად ვართ, ჯანსაღი დისკუსია გავმართოთ ყველა სუბიექტთან ყველა საკითხზე. მნიშვნელოვანია, ქართულ საზოგადოებას არ წარმოუჩინონ ევროკავშირი, როგორც საბჭოთა კავშირი. საბჭოთა კავშირში რა ხდებოდა? მოდიოდა დირექტივები მოსკოვიდან, თუ არ შესრულდებოდა, დაგსჯიდნენ. რით განსხვავდება მოსკოვისგან ბრიუსელი?! ბრიუსელი არ უნდა დაემსგავსოს საბჭოთა მოსკოვს. ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან პირდაპირ შესაბამისობაშია ყველა ნაბიჯი, რაც გადაიდგა ჩვენი მხრიდან“.
ევროკომისია რეკომენდაციების შესრულების შეფასების საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას, შეაჩეროს თუ არა უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის.
