„ჩვენ ქვეყანა კაზინოში არ წაგვიგია, საკმარისია ფასდაუდებელი მიწების სხვისთვის მიცემა“, - ამ შინაარსის ბანერების გაკვრის გამო ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საინიციატივო ჯგუფის - „ჩვენი ბიჭვინთა“ [„ხარა პიცუნდა“] აქტივისტები, ექვსი გოგონა და ორი ბიჭი დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
ე.წ. სამინისტროს ინფორმაციით, ისინი საპროტესტო ბანერებს სხვადასხვა ადგილზე აკრავდნენ. „პროფილაქტიკური საუბრის“ შემდეგ გოგონები სახლში გაუშვეს, ხოლო ახალგაზრდა მამაკაცების წინააღმდეგ წვრილმანი ხულიგნობის მუხლით ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო. ამ დროისთვის რვავე აქტივისტი თავისუფალია.
როგორც „ხარა პიცუნდას“ წევრები აცხადებენ, სამართალდამცავებმა უკანონოდ ჩამოართვეს ბანერები, რომლებზეც დატანილი იყო ამონარიდები კონსტიტუციიდან, ასევე მწერალ ფაზილ ისკანდერის, ფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას და მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ციტატები.
„ჩვენ ვართ ახალგაზრდები, რომლებიც მივისწრაფვით დამოუკიდებელ და ერთიან აფხაზეთში ცხოვრებისკენ, ჩვენი ენის, ბუნების, მიწისა და ისტორიის შენარჩუნებისკენ. თუმცა, დღეს ვგრძნობთ, რომ ჩვენს ისტორიასა და მომავალს გვართმევენ. ამის წინააღმდეგნი ვართ“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აქტივისტებმა გაავრცელეს. „ვეწინააღმდეგებით აპარტამენტების შესახებ ანტიაფხაზურ კანონის, ისტორიულ ნაწილში უკანონო მშენებლობებსა და ენერგეტიკის სისტემის მიზანმიმართულ განადგურებას. დღეს, დედაქალაქში გავაკარით ბანერები - შეხსენებებით მთავრობისთვის, რომელსაც არ უნდა თავისი ხალხის ხმის გაგონება და მოქალაქეებისთვის, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი აზრი არაფერს ნიშნავს“.
„ხარა პიცუნდა“ გასულ წელს საპროტესტო აქციებს მართავდა და რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გადაცემის შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაციას აპროტესტებდა.
დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის 2022 წლის 19 იანვარს ხელმოწერილი ე.წ. ხელშეკრულება ითვალისწინებს რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის კომპლექსის უსასყიდლოდ, ხოლო მიწის და ზღვის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემას. მხოლოდ აგარაკის ფართობი 180 ჰექტარს აღემატება. ე.წ. შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საჭიროა, რომ დე ფაქტო პარლამენტმა მისი რატიფიცირება მოახდინოს.
ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ეწინააღმდეგებიან აფხაზური ოპოზიციის წარმომადგენლებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ „აფხაზეთის კანონმდებლობის“ დარღვევით ხელშეკრულების დადების გამო მთავრობა უნდა გადადგეს.