სასამართლომ „ბიტკოინების საქმეზე“ ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული გირაო პატიმრობით შეცვალა

თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინების მითვისების საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - 2.5-მილიონიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, დღეს, 6 მარტს მიიღო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მოსამართლემ ასევე დააკმაყოფილა პროკურორ მიხეილ სადრაძის შუამდგომლობა და გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებული გიორგი ბაჩიაშვილის და მისი მამის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, გირაოს თანხის ამოღების მიზნით, სააღსრულებო წარმოებაში მიეცა.

ბაჩიაშვილის ადვოკატი, ლევან მახარაშვილი გირაოს პატიმრობით შეცვლას ეწინააღმდეგებოდა და განმარტავდა, რომ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდების საქმეზე, სასამართლოს 5 მარტის განჩინებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ პატიმრობა უკვე გამოყენებულია.

„რეალურად დაპატიმრებულია ადამიანი და უნდა დავაპატიმროთ მეორედ? ფორმალურად, ცხადია, გირაოს დარღვევა იწვევს აღკვეთის ღონისიძიების შეცვლას, მაგრამ ეს გაგებული არ უნდა იქნეს ბუკვალურად. პატიმრობის გამოყენებას გააჩნია როგორც საპროცესო საფუძვლები, ასევე მიზნები. საფუძვლები ნამდვილად არსებობს და საწინააღმდეგოს მტკიცებას ვერ დავიწყებ, მაგრამ მიზანი რა უნდა იყოს? - მისი აღსრულება და პირის დაპატიმრება.

ჩვენ, დღეს, როდესაც განვიხილავთ ბაჩიაშვილის დაპატიმრებას, ის უკვე დაპატიმრებულია. ორჯერ ხომ ვერ დავაპატიმრებთ?! აი, მაგალითად, დადგინდა მისი ადგილსამყოფელი და წარმოიშვა დაპატიმრების აუცილებლობა, დაპატიმრების ორი განჩინება თუ იქნება, უფრო კარგად დააპატიმრებენ? შესაბამისად, აქ არ არსებობს დაპატიმრების გამოყენების აუცილებლობა“, - განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი ბაჩიაშვილმა 4 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველო დატოვა, რის მიზეზადაც მის წინააღმდეგ აღძრული „მორიგი შეთითხნილი“ სისხლის სამართლის საქმე და ბიძინა ივანიშვილის მუქარა დაასახელა. მას არ დაუკონკრეტებია, როგორ გადაკვეთა საზღვარი, თუმცა თქვა, რომ გამოიყენა „სისტემაში არსებული ხვრელები და მათ შორის ადამიანებიც“.

საგამოძიებო ორგანოების მტკიცებით, ბაჩიაშვილმა სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით დატოვა, შემდეგ კი სომხეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტი რუსული პასპორტით გაიარა.

5 მარტს ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და ჯარიმით ან 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. იმავე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

მანამდე გიორგი ბაჩიაშვილი ორ საქმეზე იყო ბრალდებული:

  • 2023 წლიდან, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების საფუძველზე, პროკურატურა მას 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინის მითვისებას ედავება. საქმე დასკვნით ეტაპზეა და გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ბაჩიაშვილს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. აღნიშნულ საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება, ჩამორთმეული ჰქონდა საქართველოსა და რუსეთის მოქალაქის პასპორტები.
  • 2025 წლის თებერვლის ბოლოს ბაჩიაშვილს ბრალი ე.წ. „მტკვარი ჰესის“ საქმეზეც წარუდგინეს. ამ შემთხვევაში მას სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას ედავებიან, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის მტკიცებით, ბაჩიაშვილმა სწორად არ შეაფასა რისკები, ასევე, არ მიიღო ზომები საფრთხეების თავიდან ასარიდებლად, რის შედეგადაც, „მტკვარი ჰესის“ აშენების ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. სახელმწიფო ბრალდება აცხადებს, რომ ამით ინვესტორის, ანუ ბიძინა ივანიშვილის ინტერესები დაზიანდა. „მტკვარი ჰესის“ საქმეზე ბაჩიაშვილს 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი არცერთ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და მის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.