შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა დირექტორმა, ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო საზღვარი 2 მარტს, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით დატოვა, შემდეგ კი სომხეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტი რუსული პასპორტით გაიარა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
- 3 პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე: „აუცილებლად დაიწყება გამოძიება“
- 4 მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა
- 5 რუსეთის დაზვერვა: EU საქართველოში აქციის მონაწილეებს დღიურად 120 ევროს გადაუხდის
- 6 მზია ამაღლობელს კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს დააბრუნებენ
გიორგი ბაჩიაშვილმა გუშინ, 4 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ბიტკოინების საქმეზე მორიგი სხდომის დაწყებამდე სოციალურ ქსელ Facebook-ში დაწერა, რომ საქართველო დატოვა. საქმის პროკურორმა დაადასტურა, რომ ბაჩიაშვილს პასპორტები ჩამორთმეული ჰქონდა.
„ამ ეტაპზე დადგენილია, რომ გ.ბ.-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა, ხოლო აღნიშნულის შემდეგ, სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გაიარა საზღვარი“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 5 მარტს, გავრცელებულ განცხადებაში.
გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით უკვე წარედგინა, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, „აქტიურად გრძელდება“ საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე პირების დადგენა-დაკავების მიზნით.
„სისტემა რეალურად მორყეულია, არ მუშაობს. არის ძალიან ბევრი ხვრელი და ადამიანები, რომლებიც მასში არიან, არ არიან მოტივირებულები, რომ ბოლომდე კარგად გააკეთონ თავისი საქმე. სისტემაში არსებული ხვრელები და მათ შორის ადამიანებიც, გამოვიყენე“, - თქვა ბაჩიაშვილმა ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში.
გიორგი ბაჩიაშვილი დღემდე ორ საქმეზე იყო ბრალდებული. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების საფუძველზე, 2023 წლიდან პროკურატურა მას 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინის მითვისებას ედავება. საქმე დასკვნით ეტაპზეა და გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ბაჩიაშვილს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
რამდენიმე დღის წინ ბაჩიაშვილს ბრალი ე.წ. „მტკვარი ჰესის“ საქმეზეც წარუდგინეს. ამ შემთხვევაში მას სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას ედავებიან, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის მტკიცებით, ბაჩიაშვილმა სწორად არ შეაფასა რისკები, ასევე, არ მიიღო ზომები საფრთხეების თავიდან ასარიდებლად, რის შედეგადაც, „მტკვარი ჰესის“ აშენების ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. სახელმწიფო ბრალდება აცხადებს, რომ ამით ინვესტორის, ანუ ბიძინა ივანიშვილის ინტერესები დაზიანდა.
