სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საგარეო დახმარების დაფინანსების აღდგენა დაავალა

ვაშინგტონის ოლქის მოსამართლემ, ამირ ალიმ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, დროებით აღადგინოს საგარეო დახმარების პროგრამების დაფინანსება. როგორც Associated Press-ი წერს, მოსამართლის ბრძანება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებით მიღებული პირველი გადაწყვეტილებაა. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გადაწყვეტილება მიღებული იქნა ჯანდაცვის ორი ორგანიზაციის (AIDS Vaccine Advocacy Coalition და Global Health Council) მიერ წარდგენილ სარჩელებთან დაკავშირებით. მოსარჩელეები საზღვარგარეთ პროგრამებს აშშ-ის ფედერალური მთავრობის დაფინანსებით ახორციელებენ.

მოსამართლემ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ყველა სახის საგარეო დახმარების შეჩერების გაცხადებული მიზანი პროგრამების ეფექტურობისა და ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტებთან მათი შესაბამისობის შემოწმება იყო. თუმცა, მოსამართლის განცხადებით, დღემდე არ ყოფილა განმარტებული, რატომ იყო კონგრესის მიერ გამოყოფილი ყველა სახის უცხოური დახმარების შეჩერება, რამაც გამოიწვია შოკის ტალღა და თავდაყირა დააყენა ბიზნესებთან, არამომგებიან ორგანიზაციებთან და სხვებთან დადებული შეთანხმებები, რაციონალური წინაპირობა პროგრამების გადასახედად.

მოსამართლის აზრით, ტრამპის ადმინისტრაციის იურისტებმა ვერ დაამტკიცეს, რომ მთავრობას ჰქონდა რაციონალური მიზეზი მრავალრიცხოვანი მცირე და მსხვილი ორგანიზაციების უგულებელყოფისთვის, რომლებსაც დაფინანსების შეჩერების გამო, დახურვა მოუწევთ.

მოსამართლე ალიმ ტრამპის ადმინისტრაციას აუკრძალა იმ კონტრაქტების, გრანტების, სესხების ან სხვა საგარეო დახმარების შეჩერება, რომლებიც 19 იანვრისთვის იყო ძალაში და ასევე, მუშაობის შეწყვეტის შესახებ ბრძანებების გამოცემა/აღსრულება იმ საგარეო დახმარებასთან დაკავშირებით, რომლებიც თეთრ სახლში ტრამპის დაბრუნებამდე არსებობდა.

ამასთან, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ჯანდაცვის ორგანიზაციების მოთხოვნა, გაესაჩივრებინათ თავად ტრამპის აღმასრულებელი განკარგულება და სახელმწიფო მდივნისა და ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნების მიერ მისი აღსრულების დაბლოკვით შემოიფარგლა.

დონალდ ტრამპმა აშშ-ის საგარეო დახმარების შეჩერების შესახებ აღმასრულებელი განკარგულება 20 იანვარს, პრეზიდენტის თანამდებობის მეორე ვადით დაკავებიდან რამდენიმე საათში გამოსცა. 26 იანვარს, აღნიშნული განკარგულების შესაბამისად, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გაყინა ყველა პროგრამა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის მიერ, ან მათი მეშვეობით ფინანსდებოდა.

USAID-ი კონგრესის მიერ ყოველწლიურად გამოყოფილი მილიარდობით დოლარის საგარეო დახმარების ადმინიტრირებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს, თუმცა დონალდ ტრამპი და ილონ მასკი, რომელიც „მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის“ ხელმძღვანელია, ამტკიცებენ, რომ სააგენტოს საქმიანობა უსარგებლოა. მასკმა USAID-ს „კრიმინალური ორგანიზაცია“ უწოდა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას მიესალმა. უფრო მეტიც, არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოთქვა იმედი, რომ „ეს დაფინანსება კიდევ დიდი ხნით გაჩერდება“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.