რუსეთიდან სოხუმის აეროპორტში საცდელი ავიარეისის შესრულება წლის ბოლოსაა მოსალოდნელი. ამის შესახებ რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ, დმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა, რომელიც სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, ოკუპირებულ აფხაზეთში სამდღიანი ვიზიტით ჩავიდა. ამ ინფორმაციას საქართველოს ხელისუფლება არ გამოხმაურებია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, სადაც ისეთი საკითხებიც განიხილეს, როგორიც არის აეროპორტის გადასახადები და ტარიფები ავიაკომპანიებისთვის, ინვესტორისთვის მიწის ნაკვეთების გადაცემა, გამშვები პუნქტის აღჭურვის დაფინანსების წყაროები და დეტალური საგზაო რუკის დამტკიცება.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტი სრულად ფინანსდება რუსი კერძო ინვესტორის ბიუჯეტიდან. ახალი აეროპორტი რუსეთისთვის მოხსნის სოჭის აეროპორტის და „ადლერის“ საავტომობილო გამშვები პუნქტის გადატვირთულობას, რომლებიც დღეს რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში შესვლის ერთადერთი წერტილებია. აფხაზეთისთვის ეს გაზრდის ტურისტების ნაკადს და გაააქტიურებს რესპუბლიკის ბიზნეს სექტორის განვითარებას. რუსეთიდან საცდელ რეისს რეკონსტრუირებულ აეროპორტში ამ წლის ბოლოს ველოდებით“, - აღნიშნა დმიტრი ვოლვაჩმა.
დე ფაქტო რეასპუბლიკის ტურიზმის მინისტრის მოადგილემ, ასტამურ ბარციცმა მაისში განაცხადა, რომ წელს აფხაზეთში 1.7 მილიონი რუსი ტურისტის მიღების მოლოდინი აქვთ. მისივე ინფორმაციით, შარშან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს დაახლოებით 1.4 მილიონი ორგანიზებული რუსი ტურისტი ეწვია.
„ვლადისლავ არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის“ აღდგენის შესახებ ე.წ. შეთანხმება რუსეთისა და დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობებს შორის 2023 წლის ივნისში გაფორმდა. აეროპორტს შპს „ინფრასტრუქტურული განვითარება“ აღადგენს, რომელიც რუსეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის და ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის შვილს, რაშიდ ნურგალიევს (უმცროსი) ეკუთვნის. კომპანია 2023 წლის 10 ივლისს შეიქმნა და მოსკოვშია რეგისტრირებული. დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობამ რუს ინვესტორს აეროპორტი 49 წლით გადასცა.
სოხუმის აეროპორტი 1960-იან წლებში გაიხსნა და სოხუმიდან 18 კილომეტრში, სოფელ ბაბუშარაში მდებარეობს. ის 1993 წელს, აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად დაიხურა. აეროპორტი საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ არ არის სერტიფიცირებული და არ აქვს მინიჭებული სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. შესაბამისად, იქ საერთაშორისო ფრენები ვერ განხორციელდება. ICAO აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებს, კოდის მინიჭება კი მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე ხდება.
