ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე, ოკუპირებული ახალგორის პროკურორად არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე გასამართლებული დავით გურწიევის შესაძლო დანიშვნის საკითხიც განიხილეს. ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
„აღინიშნა, რომ ეს პირი არის ინტერპოლით ძებნილი დამნაშავე, რომელიც მსჯავრდებულია ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე და ეს არის სერიოზული რისკი უსაფრთხოების გარემოსთვის. ვიმედოვნებთ, რომ გამოიჩენენ კეთილგონიერებას და ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უსაფრთხოებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება“, - უთხრა ანთაძემ ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლებმა გურწიევის დანიშვნის საკითზე „დამატებითი დეტალების გაზიარებისგან თავი შეიკავეს“.
გურწიევის პროკურორად დანიშნვას ეწინააღმდეგება ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი. მას პროტესტის ნიშნად შიმშილობაც აქვს გამოცხადებული.
„გურწიევი არის ადამიანი, რომელმაც ჩვენს ოჯახს ტერორი მოუწყო. ღამის 12 საათზე მიბარებდა პროკურატურაში და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა. სრულიად უდანაშაული ადამიანი უკანონოდ დამაპატიმრა“, - ამბობს მეარაყიშვილი, რომელსაც უკვე შვიდი წელია დოკუმენტები აქვს ჩამორთმეული და ოკუპირებული რეგიონიდან გასვლა არ შეუძლია.
2020 წლის დეკემბერში, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დავით გურწიევი დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გურწიევი ახალგორის ე.წ. პროკურატურის თანამშრომელი იყო. მასთან ერთად გასამართლდა ალიკ ტაბოევიც.
საქმის მასალების მიხედვით, 2018 წლის 22 თებერვალს, ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნთან, არჩილ ტატუნაშვილს და მასთან ერთად მყოფ პირებს ოკუპირებული ახალგორის ე.წ. პროკურატურის პროკურორის თანაშემწემ დავით გურწიევმა, ოკუპირებული ახალგორის ე.წ. КГБ-ს სამსახურის განყოფილების უფროსმა ალიკ ტაბოევმა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს სხვა თანამშრომლებმა ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. არჩილ ტატუნაშვილი გადაიყვანეს ახალგორის რაიონის ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაში, საიდანაც წამების მიზნით გადასცეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს შეიარაღებულ თანამშრომლებს, რომლებმაც იგი წაიყვანეს ცხინვალში. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. მიღებული დაზიანებების შედეგად არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა.
გურწიევი და ტაბოევი დამნაშავედ იქნენ ცნობილი წამებაში დახმარებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში. ისინი საქართველოს ხელისუფლების მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებიან.