ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში მოითხოვენ, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნებისთვის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია შექმნას. „ამერიკის ხმამ“ მოიპოვა იმ წერილის ასლი, რომელიც სენატორებმა ამ საკითხზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელს, სამანტა პაუერს გაუგზავნეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, სენატში ევროპის საკითხების ქვეკომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე, ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში უმაღლესი რანგის რესპუბლიკელი ჯიმ რიში აცხადებენ, რომ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია 2024 წლის არჩევნებს დააკვირდება იმისთვის, რომ დემოკრატიისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში, მხარი დაუჭიროს საქართველოს და ქართველ ხალხს.
ორივე სენატორი, საქართველოში დამკვირვებლის სტატუსით 2012 წლის არჩევნებზე იმყოფებოდა. მათი განცხადებით, „ამ ვიზიტის შემდეგ, სამწუხაროდ, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიის მოწმენი გავხდით და ვხედავთ მზარდ ნიშნებს, რომ საქართველოს დემოკრატიისკენ სვლა შეჩერდა“.
„საქართველო გზაჯვარედინზეა და საქართველოს დემოკრატიის წარმატება, ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის. საქართველოს სუვერენიტეტისადმი და ევროკავშირსა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე, კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა კვლავ ძლიერია, მაგრამ მთავრობის ბოლოდროინდელი უკუსვლა გვაიძულებს ადმინისტრაციას ვთხოვოთ, საქართველოში დემოკრატიისა და მმართველობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ზომები მიიღოს“, - წერენ სენატორები.
სენატორებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის ტენდენციის მაჩვენებელია ისიც, რომ ევროკომისიამ არჩია, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინა მაშინ, როცა ჩათვალა, რომ უკრაინა და მოლდოვა ამ სტატუსისთვის მზად იყვნენ.
როგორც „ამერიკის ხმა“ წერს, წერილში შაჰინი და რიში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განსაზღვრულ 12 პრიორიტეტზეც საუბრობენ, რომელთა შორისაა საარჩევნო, სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელება. მათი აზრით, ცოტა ხნის წინ, საქართველოს პარლამენტში შესული კანონი „უცხოელი აგენტების შესახებ“, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დასუსტების მცდელობა იყო, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსს უფრო დააშორებდა.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო შემოთავაზებული კანონმდებლობის ჩაგდებით, ჩვენ გვაშფოთებს ის, რომ ამ კანონპროექტის წარდგენა და [პარლამენტის მიერ] მისი დაჩქარების მცდელობა, გამოცხადებული ევროატლანტიკური მომავლისკენ მიმავალი გზიდან გადახვევის შემაშფოთებელი ნიშანია“, - აღნიშნავენ სენატორები.
სენატორები საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის და იმის გამო, რომ ლეგიტიმური საარჩევნო პროცესის წარმართვა მრავალთვიან მომზადებას მოითხოვს, სახელმწიფო დეპარტამენტს და USAID-ს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შექმნან გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია საქართველოში. ისინი ადმინისტრაციას ასევე მოუწოდებენ, ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები პრიორიტეტად დაისახონ.
სენატორები ადმინისტრაციას სათანადო ფინანსური რესურსის მიმართვას სთხოვენ იმისთვის, რომ საქართველოში 2024 წლის არჩევნებმა ქართველი ხალხის ნება ასახოს და სურვილები დააკმაყოფილოს. ამ ძალისხმევისთვის, ისინი საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და დემოკრატიის ეროვნულ ფონდს, ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტსა და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან „მჭიდრო კონსულტაციის“ ქონას სთხოვენ.
ამ თემაზე:
საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ - სენატორი შაჰინი