„ქართულმა ოცნებამ“ დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციას (BBC) საჩივრით მიმართა ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც გასული წლის ბოლოს, ანტისამთავრობო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის, ბრომობენზილ ციანიდის (ე.წ. კამიტის) გამოყენებას ეხება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 2 შსს ოზურგეთში მომხდარზე: სუს-ის თანამშრომელმა იარაღი ამოიღო, მაგრამ არ გამოუყენებია
- 3 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 4 საპროცესო შეთანხმების შემდეგ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს 5 წლით პატიმრობა შეეფარდა
- 5 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 6 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
როგორც „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, BBC-იში საჩივარი გუშინ, 14 იანვარს, შეიტანეს.
„აღნიშნული ფილმი და თანმხლები პუბლიკაციები შეიცავს სერიოზულ და დაუდასტურებელ ბრალდებებს, რომლებიც არღვევს თავად BBC-ს სარედაქციო სტანდარტებს, დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ბიუროს (ოფკომი) მაუწყებლობის კოდექსს და პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკის ფუნდამენტურ პრინციპებს.
პირველ რიგში, საქმე გვაქვს სიზუსტის ვალდებულების უხეშ დარღვევასთან. BBC-მ თავის პუბლიკაციებში ფაქტად წარმოადგინა მტკიცება, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საპროტესტო აქციების დროს გამოიყენეს ქიმიური ნივთიერება „კამიტი“. ეს მტკიცება არ ეფუძნება არცერთ გადამოწმებულ, დამოუკიდებელ ან სანდო წყაროს. პირიქით, ჩატარებული გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ აღნიშნული ნივთიერება შინაგან საქმეთა სამინისტროს არათუ არასდროს გამოუყენებია, ის მას მფლობელობაშიც არასდროს ჰქონია.
BBC თავის პუბლიკაციებში ასევე მცდარად წარმოაჩენს ფაქტებს ისე, თითქოს შეკრებების მონაწილეები სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ძალადობრივ ქმედებებს არ ახორციელებდნენ და მიუხედავად ამისა, სამართალდამცავმა ორგანოებმა მაინც დაშალეს შეკრებები.
გარდა ამისა, BBC ცრუდ და სანდო მტკიცებულებების გარეშე ამტკიცებს, თითქოს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული ძალადობრივი შეკრებების დაშლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა არის მიუკერძოებლობის დარღვევა. პროგრამაში, ფილმსა და სხვა პუბლიკაციებში განვითარებულია აშკარად ცალმხრივი ნარატივი და საქართველოს ხელისუფლებას წარმოაჩენს, როგორც ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორს, „პრორუსულს“, „რუსული ინტერესების მხარეს მდგომს“ და ა.შ. ამავე დროს, იგნორირებულია ხელისუფლების პოზიცია, სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური განმარტებები და ის კონტექსტი, რომელიც აუცილებელია მოვლენების ობიექტურად გასაანალიზებლად.
მესამე საკითხი ეხება სამართლიანობისა და პასუხის უფლების უგულებელყოფას. BBC-მ საქართველოს ხელისუფლებას მძიმე ბრალდებებთან დაკავშირებით მიმართა ეთერამდე მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე. ეს პრაქტიკა ეწინააღმდეგება თავად BBC-ს სარედაქციო წესებს, რომლებიც მძიმე და რეპუტაციისთვის დამაზიანებელი ბრალდებების შემთხვევაში ითხოვს რეალურ კომუნიკაციას ადეკვატური ვადის დაცვით. ასევე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ცილისწამების ელემენტები. პროგრამაში გამოყენებულია კონკრეტული პირების განცხადებები, რომელთა სანდოობა, ინტერესთა კონფლიქტი და წარსული არ არის გამჟღავნებული აუდიტორიისთვის. შედეგად, მაყურებელი იღებს დამახინჯებულ სურათს, სადაც ვარაუდები და ჰიპოთეზები წარმოდგენილია, როგორც დადასტურებული ფაქტები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნება“ BBC-სგან ჟურნალისტური გამოძიების შესაბამისი პლატფორმებიდან აღებას და „საჯარო და მკაფიოს“ ბოდიშის მოხდას ითხოვს.
ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, როგორც პაპუაშვილმა თქვა, ჯერ ბრიტანეთის კომუნიკაციების ბიუროს, ოფკომს მიმართავენ, ხოლო თუ იქაც „არ აღმოიფხვრა დარღვევა“ – დიდი ბრიტანეთის სასამართლოს.
„საქართველოს წინააღმდეგ ამ საძაგელი კამპანიის მხილებისთვის ჩვენ ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოვიყენებთ, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
BBC World Service-მა ჟურნალისტური გამოძიება სათაურით „როდესაც წყალი წვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“ 2025 წლის 30 ნოემბერს გამოაქვეყნა. ჟურნალისტებმა მოიპოვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, იგივე სპეცრაზმის ინვენტარიზაციის სიის ასლი, სადაც ორი უსახელო ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინეს - „ქიმიური სითხე UN1710“ და „ქიმიური ფხვნილი UN3439“.
UN1710 ტრიქლორეთილენს (TCE) ნიშნავს. ის სხვა ქიმიური ნაერთების წყალში გაიხსნას უწყობს ხელს. ვირჯინიის უნივერსიტეტის სამედიცინო ტოქსიკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი კრისტოფერ ჰოლსტიგი BBC-სთან ამბობს, რომ „ტრიქლორეთილენი ადვილად აღწევს კანში, ფილტვებსა და კუჭნაწლავში. ის მოქმედებს ნერვულ და კარდიოვასკულურ სისტემაზე, შეუძლია ღვიძლზე ზემოქმედება. რაც უფრო დიდია დოზა, მით უფრო მეტია გართულებების რისკი“.
ჟურნალისტებისთვის UN3439-ის იდენტიფიცირება გაცილებით რთული აღმოჩნდა, რადგან, როგორც BBC წერს, ეს არის ზოგადი კოდი სამრეწველო ქიმიური ნაერთების ფართო სპექტრისთვის, რომელთაგან თითოეული საშიშია. BBC-მ დაადგინა, რომ მათგან ერთადერთი, რომელიც ოდესმე ყოფილა გამოყენებული არეულობების კონტროლისთვის, ბრომბენზილ ციანიდი, იგივე კამიტია. კამიტი პირველად პირველი მსოფლიო ომის ფრანგულმა ძალებმა ქიმიურ იარაღად გამოიყენეს და მალევე ამოიღეს ხმარებიდან ზემოქმედების ხანგრძლივი ეფექტის გამო.
„ქართული ოცნების“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ BBC-ის მასალაში მითითებული კოდებით - UN1710 და UN3439 - შსს-მ 2007 და 2009 წლებში ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი და ტრიქლორეთილენი შეიძინა. გამოძიების ფარგლებში, შს სამინისტროდან ტრიქლორეთილენიც ამოიღეს - სუს-ის თანახმად, ჩამოწერილი ნაშთი 880 ლიტრის ოდენობით.
ხუთდღიანი გამოძიების შედეგად, როგორც სუს-მა განაცხადა, დადგინდა, რომ 2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ, 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი. „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“ (Chlorobenzylidenemalononitrile) ცნობილია როგორც CS, ანუ ცრემლსადენი გაზი.
„აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას“, - განაცხადა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ. მას არ განუმარტავს, რა ნივთიერებები იყო გამოყენებული 28 ნოემბრიდან დაწყებული პროტესტის სხვა დღეებში.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა“, რომ შსს-ს „შარშან მოძალადე მომიტინგეების დაშლისას არა მხოლოდ „კამიტი“, არამედ არცერთი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია. კობახიძემ BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების გამო დიდი ბრიტანეთის მთავრობისგან ბოდიშის მოხდაც მოითხოვა.
