შეკვეთილ პროვოკაციებს მოსახლეობის მხარდაჭერა არ აქვს - ზახაროვა ბათუმის აქციებზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბათუმში, რუსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს ქართული ოპოზიციის მიერ მოწყობილი, „შეკვეთილი ანტირუსული პროვოკაციები“ უწოდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩვენ მშვენივრად გვესმის, ვინ არიან შემკვეთები. აშკარაა, რომ ადამიანები, რომლებიც მსგავს აქციებს ახორციელებენ, არ წარმოადგენენ მოსახლეობის უმრავლესობას. ისინი წარმოადგენენ შემკვეთს, რომელიც ამ ყველაფერს აორგანიზებს. უნდა გვესმოდეს, რომ ეს შეკვეთილი აქციებია, რომლებიც მრავლად ტარდება ქვეყანაში სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, რუსეთის და შიდა საკითხების კონტექსტში.

ქვეყნის შიგნით ამ აქციას მხარდაჭერა არ ქონდა. ჩვენ ვიღებთ დიდი რაოდენობით მომართვებს საქართველოს მოქალაქეებისგან. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ეს თავხედური პროვოკაცია მიუღებელია და რომ მათ, როგორც ქვეყანას, მასთან კავშირი არ აქვთ და ემიჯნებიან“, - განაცხადა ზახაროვამ.

რუსეთის უმაღლესი დიპლომატიური უწყების წარმომადგენლის თქმით, მსგავს საპროტესტო აქციებთან უცხოელი სპონსორებისა და კურატორების კავშირების მტკიცებულებები სახეზეა.

„ეს არის რადიკალური ქართული ოპოზიციის ამ პროვოკაციაზე დასავლური ქვეყნების საქებარი შეფასებები. ჩვენ ვიხილეთ თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს პირდაპირ ასწავლის, როგორ იცხოვრონ და ხარობს მსგავსი აქციებით. ფაქტობრივად, ის თავისი განცხადებებით ამტკიცებს, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და ვინ არის ბენეფიციარი. ეს კლასიკური დაფინანსებული პროვოკაციაა“, - განაცხადა ზახაროვამ და რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების განახლების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციებიც გაიხსენა.

31 ივლისს გამართული აქცია ოპოზიციის პროვოკაციად შეაფასა საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემაც. ირაკლი კობახიძემ 1-ელ აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთელი საქართველოდან სულ 150 ადამიანს მოუყარა თავი, რაც „აჩვენებს იმას, რომ საზოგადოება არის საღ აზრზე“. კობახიძე გამოეხმაურა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებასაც, რომლის მიხედვითაც, „ქართველებისგან არავინ უნდა მოელოდეს იმას, რომ ისინი მიესალმებიან ადამიანებს იმ ქვეყნიდან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებულო“. როგორც კობახიძემ თქვა, ქართველი ხალხის სახელით საუბარი არცერთი ელჩის საქმე არ არის.

საკრუიზო გემი Astoria Grande, რომლიც სოჭის პორტიდან გამოვიდა და რუსეთის მოქალაქეები გადაჰყავს, ბათუმის პორტში 31 ივლისს, გამთენიისას შემოვიდა. ერთი კვირის განმავლობაში, ეს გემის მეორე ვიზიტი იყო ქართულ პორტში, რასაც მოქალაქეები პროტესტით შეხვდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პორტში საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, ასევე სპეცრაზმის თანამშრომლების მობილიზება მოახდინა, გემამდე მისასვლელები კი რკინის ჯებირებით გადაკეტა. 31 ივლისს, დღის განმავლობაში, შსს-ს თანამშრომლებმა ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საბაბით საპროტესტო აქციის 23 მონაწილე დააკავეს. რუსი ტურისტების ნაწილმა ბათუმის დასათვალიერებლად გემიდან ჩამოსვლა პოლიციის დახმარებით შეძლო. საკრუიზო გემმა ბათუმის პორტი დღის ბოლოს, დაგეგმილზე რამდენიმე საათით ადრე დატოვა და თურქეთისკენ წავიდა, საიდანაც სოჭში 5 აგვისტოს დაბრუნდება.

Astoria Grande-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აგვისტოსა და მომდევნო თვეებში დაგეგმილი საკრუიზო მოგზაურობა ბათუმში გაჩერებას აღარ ითვალისწინებს. პროგრამაში ცვლილება სავარაუდოდ ბათუმში გამართული აქციების შემდეგ შევიდა.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებდნენ, რომ Astoria Grande-ს თურქული საკრუიზო კომპანია ემსახურება, გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. შესაბამისად, მას ქართულ პორტში შემოსვლის უფლება ჰქონდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.