შესაძლებელია ადამიანის გარდაცვალება ნებისმიერ მომენტში - ჯიშკარიანი სააკაშვილზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ცენტრ „ემპათიის“ დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი არის ინტოქსიკაცია და შესაძლებელია ადამიანის გარდაცვალება ნებისმიერ მომენტში. მარიამ ჯიშკარიანი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, დაუყოვნებლივ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ვიხრებით იმ მოსაზრებისკენ და ეს საექსპერტო დასკვნაში უკვე წერია, რომ ინტოქსიკაციასთან გვაქვს ადგილი და შესაძლებელია ადამიანის გარდაცვალება ნებისმიერ მომენტში. ამიტომ, ახლა არ არის სასამართლოების და სხვაგვარი მსჯელობების დრო. გონს მოუხმოს ყველამ, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვისაც ბერკეტი გააჩნია. პირველ რიგში მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, აიღოს პასუხისმგებლობა და დაუყოვნებლივ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

დასკვნა არის 188 გვერდიანი. შესწავლილია 3000 გვერდი დოკუმენტაცია. მიღებულია ამერიკიდან თმის ექსპერტიზის დასკვნა და ყველა ამ დოკუმენტის შესწავლის საფუძველზე ვასკვნით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი, დიდი ალბათობით, არის ინტოქსიკაცია და უსაფრთხოების მიზნით, სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, დაუყოვნებლივ საჭიროებს განთავისუფლებას“, - თქვა ჯიშკარიანმა.

მისივე თქმით, თმის ღერში აღმოჩენილია „ბისმუტი“, „ბარიუმი“ და „ვერცხლისწყალი“. „აქედან ვერცხლისწყლის კონცენტრაცია ლიმიტირებულ ზღვარს გაცდენილია 42%-ით, ბისმუტის კონცენტრაცია 100%-ით და ბარიუმის კონცენტრაცია დაახლოებით 20%-ით. კიდევ რა ქიმიური შენაერთებია, ამას საქართველოში ვერავინ დაადგენს. უსაფრთხოებისა და სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, იგი სასწრაფოდ უნდა იქნას გადაყვანილი. ახლა უნდა მზადდებოდეს თვითმფრინავი და გადაყვანილი იყოს „შარიტეს“ კლინიკაში (საუნივერსიტეტო კლინიკა გერმანიაში, ქალაქ ბერლინში). ახლა თამაშის დრო არ არის. მოვუწოდებ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, მიიღოს გადამწყვეტი ზომები“, - აღნიშნა მარიამ ჯიშკარიანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 24 ნოემბერს თქვა, რომ ექსპერტების დასკვნის წარდგენის შემდეგ, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს: „სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტს ორი მიმართულებით პრობლემას: ერთი, ჯანმრთელობის - თუ ამ დონეზე არის დაზიანებული მისი ჯანრმთელობა და იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ არის. მეორე საკითხსაც გადაწყვეტს, რომ ამით სასამართლო მოგვცემს გარანტიას, რომ არის დამოუკიდებელი, რაც ქვეყნისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება. ამის სურვილი მაქვს, რომ დაგვიმტკიცოს სასამართლომ, თუკი დაიდება დასკვნა, რომელიც ამას მოითხოვს“.

მანამდე, სააკაშვილის შეწყალების საკითხზე ზურაბიშვილმა კომენტარი გააკეთა BBC-ის გადაცემაში, სადაც წამყვანმა მას ჰკითხა:

„მინდა, გითხრათ რას ამბობს დამოუკიდებელ ექიმთა კონსილიუმი, რომელმაც ის თებერვალში გასინჯა - „მას ნევროლოგიური დაავადებები აქვს, რაც წამების, ცუდად მოპყრობისა, არაადეკვატური სამედიცინო დახმარებისა და ხანგრძლივი შიმშილობის ბრალია“. თქვენ როგორც პრეზიდენტს ძალაუფლება გაქვთ, რომ ის შეიწყალოთ, რატომ არ იწყალებთ?

მე ეს ძალა არ მაქვს.

მაგრამ, თქვენ შეგიძლიათ ამისკენ სწრაფვა. თქვენ მის ადმინისტრაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი იყავით.

არა, მე ეს ძალა არ მაქვს ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო - მისი განაჩენი დამდგარი არ არის. მისი სასამართლო ჯერ კიდევ მიმდინარეობს და საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შეწყალება შესაძლებელია, მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო დასრულდება.

თქვენ მას შეიწყალებთ, როცა ყველაფერი დასრულდება?

ეს სხვა საკითხია და რატომ არ გავაკეთებ  ამას, საქართველოში ვრცლად ავხსენი.  [მე ამას არ გავაკეთებ] იმიტომ, რომ ეს დიდი პოლარიზაციის ფაქტორია. ხალხი მისი რეჟიმის ქვეშ ცხოვრობდა და პრაქტიკულად არ არსებობს ოჯახი საქართველოში, რომელსაც თავის თავზე არ განუცდია რაც ნიშნავდა ასეთი ტიპის ავტოკრატიული რეჟიმის ქვეშ ცხოვრება.

ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ უნდა გავხდე უფრო მეტი პოლარიზაციის ინტსრუმენტი. მაგრამ ამავდროულად, როგორც სახელმწიფო მეთაურს, არ მინდა ვიხილო ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილი ციხეში, ან ის, რომ მან მიიღოს გამოუსწორებელი ზიანი, ამიტომ, მე ძალიან ყურადღებით ვაკვირდები სამედიცინო კუთხით და რეალურად, დღეს ველოდებოდი საერთაშორისო სამედიცინო ჯგუფის დასკვნას, თუმცა ის [დასკვნა] ჯერ არ გამოცემულა.

საჯაროდ ვამბობ საქართველოში, რომ სააკაშვილის ექსტრადირება უნდა მოხდეს, ან არ ვიცი, რა არის სწორი ტერმინი, რათა მან დამატებითი მკურნალობა მიიღოს. ის უკვე ექვსი თვეა საავადმყოფოშია. მაგრამ, ეს ის გადაწყვეტილებაა, რომელიც სასამართლომ უნდა მიიღოს“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.