არ მსურს ექსპრეზიდენტი გარდაიცვალოს ციხეში ან გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ზურაბიშვილი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღებით აკვირდება და არ სურს, რომ ექსპრეზიდენტი ციხეში გარდაიცვალოს ან გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა BBC-ის გადაცემა HARDtalk-ში განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ჟურნალისტმა მოქმედ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შესახებ ინტერვიუს დასასრულს ჰკითხა: „ექიმთა დამოუკიდებელმა საბჭომ, თებერვალში სააკაშვილის გამოკვლევის შემდეგ თქვა, რომ მას ნევროლოგიური დაავადებები აქვს წამების, არასათანადო მოპყრობის, არაადეკვატური სამედიცინო დახმარებისა და ხანგრძლივი შიმშილობის გამო. თქვენ, როგორც პრეზიდენტს, უფლება გაქვთ შეიწყალოთ იგი. რატომ არ იწყალებთ?“.

„მე არ მაქვს ეს უფლებამოსილება ძალიან მარტივი მიზეზის გამო - მისთვის სასჯელის შეფარდების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ჯერ კიდევ ასამართლებენ. ასეთი კანონია საქართველოში, რომ შეწყალება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველაფერი დასრულდება“.

დამაზუსტებელ კითხვაზე, შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს, როდესაც ყველაფერი დასრულდება, ზურაბიშვილმა თქვა, რომ ეს სხვა საკითხია და საკმაოდ ვრცლად აქვს განმარტებული, რატომ არ შეიწყალებს.

„იმიტომ, რომ ეს პოლარიზაციის მთავარი ფაქტორია. საქართველოში პრაქტიკულად არ არის არცერთი ოჯახი, რომელსაც არ გამოუცდია, რას ნიშნავდა ასეთი ავტოკრატიული რეჟიმის ყოლა. ამიტომ, მე არ მინდა, ვიქცე მეტი პოლარიზაციის ინსტრუმენტად, მაგრამ, ამავე დროს, მე ვარ სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც არ სურს, ექსპრეზიდენტი გარდაიცვალოს ციხეში ან მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი.

ძალიან ყურადღებით ვაკვირდები ყველა სამედიცინო დასკვნას. ველოდები საერთაშორისო სამედიცინო გუნდის, რომელმაც ის გასინჯა, კიდევ ერთ დასკვნას, მაგრამ ჯერ არ გამოქვეყნებულა. საჯაროდ ვამბობ საქართველოში, რომ სააკაშვილის ექსტრადირება [ან არ ვიცი, რა არის სწორი ტერმინი] უნდა მოხდეს, რათა მდგომარეობის დამატებითი შემსუბუქების შესაძლებლობა მიეცეს. ის საავადმყოფოშია უკვე ექვსი თვეა. მაგრამ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა და დედამ, გიული ალასანიამ 19 ნოემბერს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი მოწამლულია და უცხოელმა ექსპერტებმა მის ორგანიზმში ვერცხლისწყალი და სხვა მძიმე მეტალები აღმოაჩინეს. ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა ცენტრმა „ემპათიამ“ მოამზადა და ის, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება. ექსპერტიზაში ქართველ სპეციალისტებთან ერთად, უცხოელი ექსპერტებიც მონაწილეობდნენ. „ემპათიის“ დირექტორის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, სააკაშვილის დიაგნოზები მძიმეა და ესადაგება პატიმრობიდან გათავისუფლების კრიტერიუმებს. მიხეილ სააკაშვილის ოჯახი, ადვოკატები, ექიმები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მკურნალობის მიზნით მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილისთვის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე სამხარაულის სახელობის ეროვნულ ცენტრს მიმართავენ. დღესვე, სააკაშვილის სახელით სოციალურ ქსელში განცხადება გავრცელდა, სადაც მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ არასდროს არცერთი მისი ადვოკატისთვის არ უთქვამს, რომ ეჭვი აქვს მოწამვლაზე.

სააკაშვილი საქართველოში ერთი წლის წინ დაბრუნდა და 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, თბილისში დააკავეს. სააკაშვილი დამნაშავედ ცნობილია და ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.