არასდროს არცერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე - სააკაშვილი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„მინდა განვაცხადო, რომ არასდროს არცერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე. სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა“, - ამის შესახებ განცხადება დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სააკაშვილი ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც უარესდება და ამ ბოლო ორ თვეში განსაკუთრებით დამძიმდა: „ვივამედის“ ექიმები მცდელობას არ აკლებენ. მნიშვნელოვანია, მივენდოთ სპეციალისტებს და ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება არ არის საჭირო“, - წერს ის Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა და დედამ, გიული ალასანიამ 19 ნოემბერს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი მოწამლულია და უცხოელმა ექსპერტებმა მის ორგანიზმში ვერცხლისწყალი და სხვა მძიმე მეტალები აღმოაჩინეს. ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა ცენტრმა „ემპათიამ“ მოამზადა და ის, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება. ექსპერტიზაში ქართველ სპეციალისტებთან ერთად, უცხოელი ექსპერტებიც მონაწილეობდნენ. „ემპათიის“ დირექტორის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, სააკაშვილის დიაგნოზები მძიმეა და ესადაგება პატიმრობიდან გათავისუფლების კრიტერიუმებს.

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილისთვის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე სამხარაულის სახელობის ეროვნულ ცენტრს მიმართავენ. მანამდე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სამსახურისთვის არავის მიუწოდებია. სააკაშვილის დედა გიული ალასანია ადასტურებს, რომ დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ნამდვილად არ წარუდგენიათ, რადგან ელოდებიან, რომ მან დასრულებული სახე მიიღოს, რის შემდეგაც სასამართლოს გადასცემენ.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი, ადვოკატები, ექიმები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მკურნალობის მიზნით მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ. ექიმების ინიციატივით, ამ მოთხოვნით 20 ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციასთან, აქციაც გაიმართა. მიხეილ სააკაშვილმა სამედიცინო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სააკაშვილი საქართველოში ერთი წლის წინ დაბრუნდა და 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, თბილისში დააკავეს.

სააკაშვილი დამნაშავედ ცნობილია და ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე.

სააკაშვილი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მან დაკავების დღესვე შიმშილობა გამოაცხადა. ხანგრძლივი შიმშილობის შედეგად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ხალხმრავალი აქციების შემდეგ, ჯერ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, შემდეგ ისევ ციხეში დააბრუნეს. 2022 წლის 12 მაისიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ სამედიცინო კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული. ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ოჯახის წევრები სააკაშვილისთვის სასჯელის მოხდის გადავადებას და მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.

ოქტომბერში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების საქმეების გადახედვისა და მათი გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა. ასამბლეამ 13 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაში ასეთ პოლიტპატიმრად საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაასახელა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.