თუ დასკვნით სააკაშვილი მძიმედაა, სასამართლომ ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - პრეზიდენტი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება, ექსპერტების დასკვნის წარდგენის შემდეგ, სასამართლომ უნდა მიიღოს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტს ორი მიმართულებით პრობლემას: ერთი, ჯანმრთელობის - თუ ამ დონეზე არის დაზიანებული მისი ჯანრმთელობა და იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ არის. მეორე საკითხსაც გადაწყვეტს, რომ ამით სასამართლო მოგვცემს გარანტიას, რომ არის დამოუკიდებელი, რაც ქვეყნისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება. ამის სურვილი მაქვს, რომ დაგვიმტკიცოს სასამართლომ, თუკი დაიდება დასკვნა, რომელიც ამას მოითხოვს.

ეს არის სწორი გზა, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით არსებობს. სხვა გზა არ არსებობს, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია სწორედ კონსილიუმზე, მათ დასკვნაზე - უნდა იყოს ძალიან მკაფიო და ეს უნდა იყოს ვექილების მიერ სასამართლოში წარდგენილი. დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო ამ შემთხვევაში მოწოდების სიმაღლეზე იქნება“, - თქვა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან.

ზურაბიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც, მისივე თქმით, „ქვეყნის რეპუტაციისთვის და ასევე, ჩვენი ღირსებისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ყოველდღიურად დიდი ყურადღებით აკვირდება, მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები რეგულარულად ხვდებიან ცენტრ „ემპათიას“ და ექიმთა „სხვა კონსილიუმს“.

ცენტრმა „ემპათია“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა მოამზადა, რომლის მიხედვითაც გამოიკვეთა სრულყოფილი ტოქსიკოლოგიური კვლევის აუცილებლობა. მისი ჩატარება საქართველოში შეუძლებელია. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, სააკაშვილი საჭიროებს სასწრაფო წესით გადაყვანას ევროპის ან აშშ-ს მულტიპროფილურ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა და დედამ, გიული ალასანიამ 19 ნოემბერს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი მოწამლულია და უცხოელმა ექსპერტებმა მის ორგანიზმში ვერცხლისწყალი და სხვა მძიმე მეტალები აღმოაჩინეს. მოგვიანებით კლინიკა „ვივამედში“ მყოფმა ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ მოწამვლაზე ეჭვი არასდროს არცერთ ადვოკატთან არ გამოუთქვამს და ამ თემაზე სპეკულაციები უადგილოა.

სააკაშვილის დაკავების დღიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალებისკენ მოუწოდებენ. „არა და არასოდეს“, - ასეთი იყო მეხუთე პრეზიდენტის პასუხი ერთი წლის წინ. რამდენიმე დღის უკან, BBC-ის გადაცემა HARDtalk-ში ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შეწყალება არ შეუძლია, რადგან მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები დასრულებული არ არის. ამასთან, შეწყალებას სალომე ზურაბიშვილი პოლარიზაციის მთავარ ფაქტორად განიხილავს და არ უნდა „მეტი პოლარიზაციის ინსტრუმენტად“ იქცეს. იმავე დროს, ის ამბობს, რომ არ სურს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეში გარდაიცვალოს ან გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს.

სააკაშვილი საქართველოში ერთი წლის წინ დაბრუნდა და 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, თბილისში დააკავეს. სააკაშვილი დამნაშავედ ცნობილია და ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე.

საქართველოს კანონმდებლობით, სასამართლო განაჩენის აღსრულება მოსამართლის განჩინებით შეიძლება გადავადდეს თუ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.