რაჭაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპული 22-ე ადამიანის ცხედარი იპოვეს, 11-ის საძიებო სამუშაოები კი გრძელდება. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, ცხედარი მდინარე რიონის კალაპოტში, სტიქიის ეპიცენტრიდან 20 კილომეტრში ნახეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 3 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 4 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 5 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 6 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
„ამ დროისთვის მიმდინარეობს ცხედრის ამოსვენების ღონისძიება. გარდა ამისა, ნაპოვნია ადამიანის ქვედა კიდური და მიმდინარეობს აქტიური საძიებო სამუშაოები. ცხედარი წყალს არ გამოურიყავს, ეს არის მონიტორინგის შედეგი, 20 კილომეტრის მოშორებით სტიქიის ეპიცენტრიდან. ქვედა კიდური ნანახია სტიქიის ეპიცენტრიდან 24 კილომეტრის მოშორებით.
მდინარის დონე მეტ-ნაკლებად უკვე დაწეულია, შესაბამისად, რიონის კალაპოტში გამოჩნდა პატარა კუნძულები, სადაც დიდი რაოდენობით ინერტული მასალა, მორებია მოგროვილი და ამ ყველაფრის გადამოწმების შედეგად მივიღეთ ეს შედეგი“, - განაცხადა მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თქმით, დღეს მდინარის მონიტორინგი 30-კილომეტრიან მონაკვეთზე ხორციელდება, თუმცა დღის ბოლოს ან ხვალ დილიდან პერიმეტრი 54 კილომეტრამდე გაიზრდება - „ეს იქნება უკვე ამბროლაურის ტერიტორია. ვეცდებით, რომ მდინარის კალაპოტში მონიტორინგი მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს“.
რაჭაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე 3 აგვისტოს მოვარდნილმა გლაციალურმა ღვარცოფმა კურორტი თითქმის მთლიანად გაანადგურა. 10 აგვისტოს ჩათვლით ნაპოვნი იყო 21 ცხედარი, საიდანაც 19 ამოცნობა მოხერხდა. ოფიციალური ინფორმაციით, დაკარგულად მიიჩნევა 11 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები. სტიქიის ადგილას სამაშველო ოპერაცია ღვარცოფის მოვარდნიდან მხოლოდ სამი საათის შემდეგ დაიწყო, ტალახში მოყოლილი ადამიანები გადაუდებელ დახმარებას ითხოვდნენ. სტიქიის ზონიდან ვერტმფრენებით 210 ადამიანი გამოიყვანეს.
