შვედეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერის, ტუმსო აბდურახმანოვის მკვლელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ვერ დაადასტურებენ და ვერც დამატებით კომენტარს გააკეთებენ. გამოცემა „კავკაზ რეალის“ ცნობით, ოფიციალური პასუხი პოლიციის პრესმდივან ირენ სოკოლოვისგან მიიღეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„პოლიციის სამმართველოსთვის ცნობილია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმ ადამიანის მკვლელობის შესახებ, რომელიც შვედეთში ცხოვრობს. პოლიციის სამმართველოს არ შეუძლია დაადასტუროს მედიის ეს ინფორმაცია, ან გააკეთოს რაიმე დამატებითი კომენტარი“, - წერს ირენ სოკოლოვი.
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის და მისი გარემოცვის კრიტიკით ცნობილი ტუმსო აბდურახმანოვის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია 1-ელ დეკემბერს გავრცელდა. 30 ნოემბრის შემდეგ აბდურახმანოვი სოციალურ ქსელებში არ გამოჩენილა. 5 დეკემბერს, „ადათმა“, რომელიც თავს ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ სახალხო მოძრაობას უწოდებს, Telegram-ში დაწერა: „როგორი რთულიც არ უნდა იყოს ჩვენთვის მომხდარის აღიარება, სამწუხაროდ, ჭორები ტუმსო აბდურახმანოვის სიკვდილის შესახებ სიმართლე აღმოჩნდა. რამდენიმე დღეა ჩვენ ვაწარმოებთ საკუთარ შიდა გამოძიებას ტუმსოს მკვლელობის საქმეზე. თავიდან ვერ ვიჯერებდით მომხდარს. ამ ეტაპზე მისი დაღუპვის დამადასტურებელი საკმარისი ინფორმაცია გვაქვს. მისი ძმა, მუჰამედი სპეცსამსახურებმა დამალეს. ტუმსოს ადამიანთა ჯგუფმა ღამით ესროლა. ამ წუთებში მკვლელობის დეტალებს იძიებენ“.
იმავე დღეს, ბლოგერის მკვლელობა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მეორე პრეზიდენტის, ასლან მასხადოვის შვილმა, ანზორ მასხადოვმა დაადასტურა, თუმცა 6 დეკემბერს თქვა, რომ თავისი წყაროებისგან მიღებულ ინფორმაციაში ბოლომდე დარწმუნებული არ არის. ევროპაში ჩეჩნების ასამბლეის წევრი შამილ ალბაკოვი გამოთქვამს იმედს, რომ ტუმსო აბდურახმანოვის გაუჩინარების უკან შვედური სპეცსამსახურების ოპერაცია დგას.
ტუმსო აბდურახმანოვის მკვლელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი გამოეხმაურა. 5 დეკემბერს Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ის წერს, რომ აბდურახმანოვი მაშინ გაიცნო, როდესაც ის შვედეთში თავშესაფარს ითხოვდა.
„მან გამიზიარა თავისი შოკისმომგვრელი ამბავი, თუ როგორ გამოიქცა კადიროვის ჩეჩნეთიდან და როგორ იბრძოდა საკუთარი სიცოცხლისთვის. ახლა ტუმსო სავარაუდოდ მკვდარია! კადიროვი და რუსეთი აგრძელებენ ევროკავშირში მკვლელობებს იმიტომ, რომ ჩვენ ამის ნებას ვაძლევთ. ტუმსო იყო არა მხოლოდ კადიროვის სისხლიანი რეჟიმის მოწინააღმდეგე, ის მამხილებელიც იყო. თვალყურს ადევნებდა იმ სქემებს, რომლებსაც კრემლი და კადიროვი დისიდენტების მკვლელობისთვის იყენებენ. მისი თქმით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის აგენტები ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილდებიან დიპლომატიური პასპორტებით. ახლა ფართო გამოძიებაა საჭირო!“, - წერს გერმანელი ევროპარლამენტარი.
ტუმსო აბდურახმანოვი ჩეჩნეთიდან 2015 წელს წამოვიდა, რასაც წინ უძღოდა კონფლიქტი ჩეჩნეთის მთავრობის ადმინისტრაციის მაშინდელ ხელმძღვანელთან ისლამ კადიროვთან. აბდურახმანოვი საქართველოში იმყოფებოდა და თავშესაფრის მიღებას აქ ცდილობდა, რაზეც უარი ეთქვა. 2017 წელს მან საქართველო დატოვა, რის შემდეგაც ჯერ პოლონეთში იყო, შემდეგ კი შვედეთში. ჩეჩნეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ტუმსო აბდურახმანოვს მოკვლით არაერთხელ დაემუქრნენ. 2020 წლის თებერვალში, შვედეთში, ბლოგერს საკუთარ ბინაში ჩაქუჩით რუსეთის მოქალაქე რუსლან მამაევი დაესხა თავს. 2021 წლის ოქტომბერში აბდურახმანოვმა შვედეთის ხელისუფლებისგან პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიიღო.