საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მიმართავს, დაუყონებლივ შეწყვიტოს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
„მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა, არაპროპორციული ძალის გამოყენება, შიშველი ხელებით მოსული ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა.
მივმართავ სახალხო დამცველს, მყისიერად მოახდინოს რეაგირება, რათა შეწყდეს ყოველგვარი უსაფუძვლო და უადგილო სპეცდანიშნულების ძალების ქმედებები.
ნათლად ჩანს, რომ აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა, წესრიგს არაფერი ემუქრებოდა.
სირცხვილია შენს ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, როცა ეროვნულობაზე გაქვს პრეტენზია, სირცხვილია სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ ვნების კვირის დროს!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
30 აპრილს, აქცია 19:00 საათზე, რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვის პარალელურად დაიწყო. მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, ნაწილმა კი გადაინაცვლა პარლამენტის უკანა და გვერდით შესასვლელებთან, საიდანაც განხილვის დასრულების შემდეგ კანონის ავტორ და მხარდამჭერ დეპუტატებს შენობა უნდა დაეტოვებინათ. განსაკუთრებულ დაავალებათა დეპარტამენტის და შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. მშვიდობიანი აქციის დასაშლელად წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. ძალოვანები ახალგაზრდებს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.
სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ძალის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა. იოსელიანი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტებზე.
„ქართულმა ოცნებამ“, 2024 წლის 3 აპრილს, პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა.
რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობოებს, რომლებიც საერთაშორისო ფონდების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ. 150-ზე მეტმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციამ განაცხადა, რომ „ღირსების შემლახავ რეესტრში“არავითარ შემთხვევაში არ დარეგისტრირდებიან. 17 აპრილს, 83-მა დეპუტატმა რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
რუსული კანონის წინააღმდეგ 15 აპრილიდან თბილისში ყოველდღე იმართება ხალხმრავალი საპროტესტო აქციები. 28 აპრილის დემონსტრაციაში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა.