„გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს და რა იქნება შემდეგი?“, - ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრიფინგს მარიამ ბერიანიძე, რომელიც მეუღლესთან და 4 წლის შვილთან ერთად 3 აგვისტოს, შოვში მოვარდნილ ღვარცოფში მოჰყვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„ბატონო ირაკლი, 11 დღის განმავლობაში ერთხელ რომ დაინტერესებულიყავით გადარჩენილების მდგომარეობით და მომხდარით, იქნებ გაგეგოთ, რომ ტალღა, რომელმაც დაგვარტყა 20-სანტიმეტრიანი კი არა 3-მეტრიანი იყო, მეწყერის ამ ტალღამ კიდევ რამდენიმე მეტრი გვათრია. ტალახის კიდეზე კი არა მეწყერის შუაგულში ვიყავით და დიახ, 3 საათი! 3 საათი ვითხოვდით შველას, ვიფლობოდით მეწყერის 4 მეტრამდე ტალახში და განწირულები ვითხოვდით შველას.
იქნებ 112-ის ჩანაწერები მაინც შეამოწმოთ ჩვენი თუ არ გჯერათ, ან იქნებ სტიქიის ეპიცენტრიდან გადაღებულ ფოტოებს გაეცნოთ, ერთი ვიდეო მეც მაქვს და გამოგიგზავნით. იქნებ დამანახოთ სად არის ის ნაპირი, სადაც ჩვენ გავიჭედეთ, მე კი დაგანახებთ მეწყერის ცენტრალურ ნაწილში გაჭედილ 16 ადამიანს! იმ ადგილზე ვიყავით გაჭედილები, რომლის გაწმენდა დღეისთვის არ მომხდარა, რადგან მეწყრის ყველაზე დიდი ნაწილი მანდაა ჩამოტანილი და მაშველებისთვისაც საშიში ზონაა! ჩვენ გადაგვიარა მეწყერმა და გადავრჩით. თურმე, შესაძლებელი ყოფილა გადარჩენაც, მაგრამ ამის აღიარება - არა! მთლიანად სირცხვილია ეს ბრიფინგი! სირცხვილია თქვენი გულგრილობა, სირცხვილია ეს ქვეყანა!“, - წერს მარიამ ბერიანიძე სოციალურ ქსელში.
ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვინც 3 აგვისტოს ღვარცოფის მასაში მოჰყვა, გადარჩენის არავითარი შანსი არ ჰქონდა. მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, იყო „სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც წარმოუდგენელი ტყუილია“.
„არის უამრავი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მეტი ადამიანის გადარჩენა, რაც უბრალოდ ძალიან მძიმე სპეკულაციაა. ვისაც ადგილზე უნახავს ეს ლოკაცია, სადაც მოხდა სტიქია და ვინც ადგილზე გაეცნო ვითარებას, აბსოლუტურად ყველა დამეთახმება, რომ იქ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში მეტი ადამიანი გადარჩენა უბრალოდ შეუძლებელი იყო ერთი მარტივი მიზეზის გამო - იყო მყისიერი სტიქია და ღვარცოფის მასა წამოვიდა მყისიერად, ძალიან დიდი სიჩქარით.
აქედან გამომდინარე, ვინც სამწუხაროდ მოხვდა ღვარცოფის მასაში, მას არ ჰქონდა გადარჩენის არავითარი შანსი. გარკვეული ფოტოებიც ვრცელდებოდა ადამიანებისა, რომლებიც იყვნენ, ასე ვთქვათ, ამ ტერიტორიაზე მოყოლილი, თუმცა ეს იყო კიდე იმ ღვარცოფული მასის, რომელიც წარმოიქმნა. იქ სიმაღლე შეიძლება იყოს ზოგან 20 სანტიმეტრი, ზოგან ნახევარი მეტრი, მაგრამ როდესაც საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც მოჰყვნენ ღვარცოფულ მასაში, მათი გადარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამაშველო სამსახურს, თავიდანვე, პირველივე საათებში ჰქონდა ყველაფრის ადგილზე ნახვის საშუალება, ყველაფრის იდენტიფიცირების საშუალება და რეალობა, სამწუხაროდ, ასეთი იყო - ვისაც, სამწუხაროდ, მისწვდა ღვარფოფული მასა, მისი გადარჩენა იყო რეალურად შეუძლებელი, ვისაც არ მისწვდა ეს ღვარცოფული მასა, ნუ, მან მოახერხა და თავი დააღწია იმ არეალს“, - თქვა კობახიძემ.
ჟურნალისტებმა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ანახეს სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძის მიერ Facebook-ში გამოქვეყნებული ფოტო წარწერით - „მაშო, ეს გზა როგორ გავიარეთ, ახლაც მიკვირს“. ფოტოზე დავით ჯელაძეს მონიშნული აქვს ის მანძილი, რომელიც უსაფრთხო ადგილის ძიებაში, ღვარცოფში 6 წლის დისშვილთან ერთად გაიარა.
„ეგ ნამდვილა არ ვიცი, გადავამოწმებთ, მაგრამ მე ცოტა მეეჭვება... ამ ფოტოზე ვერ გეტყვით. ერთი - რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, არ ვიცი, იმიტომ, რომ უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა და მოახერხეს... თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი. ამიტომ, გადასამოწმებელია ეს ყველაფერი“, - აღნიშნა კობახიძემ.
3 აგვისტოს მოვარდნილმა ღვარცოფმა კურორტი შოვი თითქმის მთლიანად გაანადგურა. მაშველებმა სტიქიის ზონაში შესვლა 3 საათის შემდეგ, მხოლოდ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით მოახერხეს. 3 და 4 აგვისტოს, შოვიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს. ღვარცოფს სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 20 იდენტიფიცირებულია. 9 ადამიანის სამძებრო სამუშაოები დღემდე გრძელდება. როგორც გარდაცვლილებს, ისე დაკარგულებს შორის არიან ბავშვები. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტრაგედიის თავიდან არიდება შეუძლებელი იყო.