სკოლის დირექტორის ქმარი, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდა, ბავშვთან გარყვნილ ქმედებაში ამხილეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ვანის რაიონის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის დირექტორის ქმარი, რომელიც სკოლიდან შორს მცხოვრები ბავშვების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა, არასრულწლოვან მოსწავლესთან გარყვნილ ქმედებაში ამხილეს. ვიდეომასალა, რომელიც სავარაუდო დანაშაულს ასახავს, მსხვერპლის მიერ არის გადაღებული. მძღოლი, დაახლოებით 60 წლის ასაკის კაცი, მგზავრობისას ბავშვს არასასურველი კომენტარებით, სექსუალური დატვირთვის მქონე ეპითეტებით მიმართავს, მისკენ რამდენჯერმე იხრება და ხელს ჰკიდებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

 „- მანქანაში ამოხვალ, არც გამოიხედავ, არც გამარჯობას იტყვი, გაბუტული დადიხარ. რატომ მებუტები, გაწყენინე რამე?

- არა. არ ვარ ხასიათზე ყოველდღე.

- არასდროს ხარ ხასიათზე, როცა მე შენთან ერთად ვარ. გოგო, გამოიხედე აქეთ“, - მიმართავს მამაკაცი მოსწავლეს.

„- არ მიყვარს, რომ მეხებიან.

- გადაიწიე თმები. რა იყო, უბრალოდ მეგობრები ვართ, სხვა რამეს ხომ არ გეუბნები.

- მე მეგობარსაც არ ვაკიდინებ ხელს, არ მიყვარს ეგეთი რაღაცები.

- გათხოვდები, გაიპარები, წახვალ, ჩააბარებ. აწი არც გადმოგიჯდები წინო, მეტყვი, ხო? ვიმეგობროთ, სანამ ასე ხარ, რა მოხდა... აუ, თვალებით რომ გამოიხედავ, მაგარია, სიმონ. გამოიხედე. რა იყო, მასე გაიცინე ხანდახან, მანქანაში რომ ამოხვალ, თუ შეგჭამ? არ შეგჭამ. რა მომაბეზრე თავი, მომცილდიო, ამის თქმა გინდა ხო?

- არა, უბრალოდ არ მიყვარს ასეთი რაღაცები, რომ მეხებიან“.

ვიდეომასალა ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გაავრცელა. მისი თქმით, მიკროავტობუსის მძღოლი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან ახობაძის ნათესავია და ადგილობრივი პოლიცია მფარველობს. ელისო კილაძე ვანის პოლიციის უფროსს დავით ლორთქიფანიძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და დაზარალებული მოსწავლის მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ კილაძემ ასევე დაწერა, რომ სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გადადგა.

„საქართველოს ამბები“ სკოლის დირექტორს დაუკავშირდა. მან კომენტარი არ გააკეთა. ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, სკოლის დირექტორმა განცხადება გათავისუფლების თაობაზე რამდენიმე დღის წინ დაწერა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება 1-ელ მაისს, ვანის რაიონულ სამმართველოში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში, იმ დღესვე მშობლის თანდასწრებით არასრულწლოვნები გამოკითხეს.

„მომდევნო დღეებში ჩატარდა ასევე არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, დამატებით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, სკოლის მოსწავლეები, სკოლის პედაგოგები. საქმეზე გრძელდება გამოძიება, ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილ ქმედებას 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ. დანაშაული ხუთიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-მარტში გარყვნილი ქმედების მუხლით გამოძიება დაწყებულია 19 საქმეზე, აქედან გახსნილია 9. 2022 წლის განმავლობაში 118 ასეთი დანაშაული იყო რეგისტრირებული, საიდანაც შსს-მ მხოლოდ 78 გახსნა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.