„ქართული ოცნების“ იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელად გიორგი პატარიძე წარადგინა. პატარიძემ შეცვალა ბეჟან ობგაიძე, რომელიც ამ თანამდებობაზე სულ რაღაც ორი თვის წინ, 18 ივნისს დანიშნეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
- 6 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
გიორგი პატარიძე დღემდე „ქართული ოცნების“ მთავრობაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი 2018-2021 წლებშიც იყო.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ბეჟან ობგაიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
საკადრო ცვლილებებს წინ უძღოდა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში ცემასთან დაკავშირებით N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელის, დავით გოგობერიშვილისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, გიორგი ქემოკლიძის გათავისუფლება.
„სპეციალური პენიტენციური სამსახურში მიმდინარე დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოვლენილი გარემოებების შესწავლისა და ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიმდინარე გამოძიებისა და შიდასამსახურებრივი შემოწმების პირობებში, ხელმძღვანელი პირები კვლავაც ინარჩუნებდნენ თანამდებობებს, რასაც შესაძლოა ხელი შეეშალა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში, ზემოაღნიშნულმა პირებმა დაკავებული პოზიციები დატოვეს პირადი განცხადების საფუძველზე“, – აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახური.
გუშინ, 21 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ თანამდებობებიდან გაათავისუფლეს გლდანის ციხის დირექტორი დავით გოგობერიშვილი და პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ქემოკლიძე. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, გაჩნდა საფუძვლიან ეჭვი, რომ „შესაძლოა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ“. უწყების განცხადებით, „გარკვეულ ეჭვებს ბადებს“ კახი მეტრეველის გიორგი ბაჩიაშვილთან ერთ საკანში მოთავსების მოტივაციაც.
ბაჩიაშვილს, რომელსაც ე.წ. ბიტკოინების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, N8 პენიტენციური დაწესებულების საკანში კახი მეტრეველმა 11 ივლისს სცემა. როგორც პატიმარი ამბობდა, მასზე ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე სამი დღით ადრე დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და „რამდენჯერმე ურჩია“, ბიძინა ივანიშვილისთვის მისი „საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები“ გაეხსნა.
გიორგი ბაჩიაშვილმა მის ცემასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვერსიას ფაბრიკაცია უწოდა.
