„როგორც ე.წ. მწვანე საზღვრის მიმდებარედ ვერ ვიქნებოდი, სადაც ვითომ დამაკავეს, ზუსტად ისე, ვერავითარი თავდასხმის ორგანიზებას საკუთარ თავზე ვერ მოვახდენდი“, - „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს და საკანში მის ცემასთან დაკავშირებით უწყების ვერსიას ფაბრიკაციას უწოდებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 3 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
- 4 ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს და რუსეთს გადასცეს
- 5 სააკაშვილი: აპირებენ ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში
- 6 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
„ხელისუფლება აგრძელებს დანაშაულების სერიას და ამჯერად სურს თავისი ერთი სასტიკი სისტემური დანაშაული სხვა ფაბრიკაციით გადაფაროს. როგორც ე.წ. მწვანე საზღვრის მიმდებარედ ვერ ვიქნებოდი, სადაც ვითომ დამაკავეს, ზუსტად ისე ვერავითარი თავდასხმის ორგანიზებას საკუთარ თავზე ვერ მოვახდენდი.
შეგახსენებთ, რომ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, ჯერ პროკურატურამ შემიწყვიტა სატელეფონო კომუნიკაცია ოჯახთან და ადვოკატებთან, შემდეგ ადგილი ჰქონდა ციხის დირექტორისგან გაჟღერებულ ცნობილ მოთხოვნებს, ხოლო შემდეგ - მსჯავრდებული, საკანში შემომიყვანეს, რომელიც შემოსვლისთანავე თავს დამესხა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.
ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ რეჟიმს სურს ჩემი ნაცნობები, რომლებიც შეიძლება იმყოფებოდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში, მოათავსონ საკანში ჩემთან და ამ მეთოდით გააგრძელონ ზეწოლა და კომუნიკაცია.
მსგავს შემთხვევაში, ინფორმაციას მყისიერად გავასაჯაროებ. ნებისმიერი კომუნიკაცია ჩემთან შეიძლება შედგეს მხოლოდ ჩემი ადვოკატების მეშვეობით“, - აცხადებს ბაჩიაშვილი.
გუშინ, 21 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ თანამდებობებიდან გაათავისუფლეს გლდანის ციხის დირექტორი დავით გოგობერიშვილი და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ქემოკლიძე. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილი საკანში ცემის ფაქტთან დაკავშირებით გაჩნდა საფუძვლიან ეჭვი, რომ „შესაძლოა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ“. უწყების განცხადებით, „გარკვეულ ეჭვებს ბადებს“ კახი მეტრეველის გიორგი ბაჩიაშვილთან ერთ საკანში მოთავსების მოტივაციაც.
ბაჩიაშვილს, რომელსაც ე.წ. ბიტკოინების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, N8 პენიტენციური დაწესებულების საკანში კახი მეტრეველმა 11 ივლისს სცემა. როგორც პატიმარი ამბობდა, მასზე ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე სამი დღით ადრე დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და „რამდენჯერმე ურჩია“, ბიძინა ივანიშვილისთვის მისი „საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები“ გაეხსნა.
12 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და გიორგი ბაჩიაშვილი დამნაშავედ ცნო დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი 10 მარტს გამოიტანა და 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადებამდე, ბაჩიაშვილმა ქვეყანა დატოვა, თუმცა, დაახლოებით ორ თვეში ის დააკავეს - როგორც თავად ამბობს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიტაცეს და საქართველოში ჩამოიყვანეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვერსიით, 26 მაისს „ანონიმური შეტყობინებით“ გაიგეს, რომ ძებნილი გიორგი ბაჩიაშვილი „წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა“, რის შემდეგაც დააკავეს.
გიორგი ბაჩიაშვილს 2023 წელს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უჩივლა. პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ივანიშვილს კუთვნილი 8 986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა. გიორგი ბაჩიაშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
ბაჩიაშვილი ამჟამად სასჯელს გლდანის ციხეში იხდის. ის ასევე ბრალდებულია „მტკვარი ჰესის“ საქმეზე, სადაც მოსარჩელე ბიძინა იავნიშვილია.
