თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი დამნაშავედ ცნო ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინების მითვისების საქმეზე და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად შეუფარდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე: „აუცილებლად დაიწყება გამოძიება“
- 2 ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
- 3 მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა
- 4 რუსეთის დაზვერვა: EU საქართველოში აქციის მონაწილეებს დღიურად 120 ევროს გადაუხდის
- 5 მზია ამაღლობელს კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს დააბრუნებენ
- 6 ესტონეთში შესვლა საქართველოს კიდევ 55 მოქალაქეს აეკრძალა - სია
გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე და 194-ე მუხლებით ედებოდა, რაც სხვისი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული მუხლები, მაქსიმალური სასჯელის სახით, 12 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.
ადვოკატების განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებით არ უსარგებლია.
„ის პირველივე სხდომაზე აცხადებდა, რომ არ ჰქონდა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის იმედი [...] ამ პროცესის ინიციატორი იყო ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლების ყველა შტო ექვემდებარება. არა მხოლოდ პროკურატურა და სასამართლო, არამედ სხვადასხვა ინსტიტუიტებიც - ეროვნული ბანკი და ექსპერტიზის ეროვნული ბიუროც იქნა გამოყენებული. გიორგი ბაჩიაშვილი თვიდანვე აცხადებდა, რომ ამ საქმის უკან იდგა მისი დაშინების, გაჩუმების და ანგარიშსწორების მცდელობა“, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა.
გიორგი ბაჩიაშვილმა ქვეყანა განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა და მისი ადგილსამყოფელი უცნობია. დღევანდელ სხდომაზე ის დისტანციურად ჩართვას და საბოლოო სიტყვის უფლებით სარგებლობას ითხოვდა, თუმცა, ეს მოთხოვნა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
ადვოკატები ამბობენ, რომ მოსამართლე გელაშვილის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ და საჭიროების შემთხევვაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართავენ.
პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა 2023 წლის ივლისში, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების საფუძველზე დაიწყო.
საქმის მასალების მიხედვით, 2015 წელს ივანიშვილმა ბაჩიაშვილის კომპანიაში ბიტკოინის მაინინგში 5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინა. პროკურატურის მტკიცებით, შემდეგი ორი წლის განმავლობაში ბაჩიაშვილმა გამომუშავებული კრიპტოვალუტიდან ივანიშვილის კუთვნილი 8 253.13 ბიტკოინი - რომლის ღირებულება მაშინ 39 215 820 აშშ დოლარი იყო - მიითვისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაც მოახდინა.
გიორგი ბაჩიაშვილი ამბობდა, რომ 5 მილიონი დოლარი ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკის“ მიერ მის კომპანიაზე სესხის სახით გაიცა და ის არ წარმოადგენდა ივანიშვილის ინვესტიციას ბიტკოინებში.
2023 წლის ივლისიდან გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარის ოდენობით გირაო ჰქონდა შეფარდებული. გარდა ამისა, ეკრძალებოდა პროკურატურის თანხმობის გარეშე ქვეყნის დატოვება და ჩამორთმეული ჰქონდა საქართველოსა და რუსეთის მოქალაქის პასპორტები.
2025 წლის 4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა თავად გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველო დატოვა, რის მიზეზადაც მის წინააღმდეგ აღძრული „მორიგი შეთითხნილი“ სისხლის სამართლის საქმე და ბიძინა ივანიშვილის მუქარა დაასახელა. მას არ დაუკონკრეტებია, როგორ გადაკვეთა საზღვარი, თუმცა თქვა, რომ გამოიყენა „სისტემაში არსებული ხვრელები და მათ შორის ადამიანებიც“.
ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლას წინ უძღოდა 25 თებერვალს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე მისთვის ბრალის წაყენება. ამ საქმეზეც დაზარალებული ბიძინა ივანიშვილია. კერძოდ, პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ბაჩიაშვილმა სწორად არ შეაფასა რისკები, ასევე, არ მიიღო ზომები საფრთხეების თავიდან ასარიდებლად, რის შედეგადაც, „მტკვარი ჰესის“ აშენების ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი დოლარით გაიზარდა და ინვესტორის ინტერესები დაზიანდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით დატოვა, შემდეგ კი სომხეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტი რუსული პასპორტით გაიარა.
ბაჩიაშვილს ახლა ბრალად საზღვრის უკანონო კვეთაც ედება. ამ საქმეზე დაკავებულია შოთა ქარუმიძე, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთაში დაეხმარა.
