სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს „ბიტკოინების საქმეზე“ საბოლოო სიტყვა არ მისცა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 10 მარტს, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ბოლო სხდომა მიმდინარეობს. ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილს, რომელმაც ქვეყანა დატოვა, სასამართლოსთვის საბოლოო სიტყვით მიმართვაზე უარი ეთქვა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ბაჩიაშვილის ადვოკატი ლევან მახარაშვილი აცხადებდა, რომ ბრალდებულის საბოლოო სიტყვის გარეშე სასამართლო განხილვა „სრულყოფილად და სამართლიანად ვერ ჩაითვლება“.

„ბრალდებულს უფლება აქვს, საქმის განხილვაში მიიღოს მონაწილეობა, მათ შორის, დისტანციური ფორმით. შესაბამისად, ვითხოვთ, რომ მას მიეცეს საშუალება სასამართრლოს მიმართოს როგორც დასკვნითი სიტყვით, ასევე, განსაკუთრებით, საბოლოო სიტყვით. საბოლოო სიტყვა გახლავთ ბრალდებულის ექსკლუზიური უფლება, რომელიც არაკომპენსირებადია ადვოკატის მიერ“, - განაცხადა მახარაშვილმა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, აქვს გამოცდილება, როდესაც სასამარლომ სხდომაზე ძებნილი პირი ჩაერთო.

საქმის პროკურორი დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. მიხეილ სადრაძის არგუმენტი, რომ „ბრალდებული თავს არიდებს მართლმსაჯულების განხორციელებას“, მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გაიზიარა და ბაჩიაშვილს უარი უთხრა საბოლოო სიტყვის წარმოთქმაზე.

„დაცვის მხარის მოთხოვნა ბრალდებულის დისტანციურად ჩართვის თაობაზე არის დაუსაბუთებული და არ უნდა დაკმაყოფილდეს“, - აღნიშნა მოსამართლემ.

პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ედავება, რომლის ღირებულებაც, როგორც ბრალდების მხარე აცხადებს, 2017 წელს, „მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა“. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ბაჩიაშვილს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ე.წ. ბიტკოინების საქმეზე, 2023 წლის ივლისიდან, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარის ოდენობით გირაო ჰქონდა შეფარდებული. გარდა ამისა, ეკრძალებოდა პროკურატურის თანხმობის გარეშე ქვეყნის დატოვება და ჩამორთმეული ჰქონდა საქართველოსა და რუსეთის მოქალაქის პასპორტები.

2025 წლის 4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა თავად გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველო დატოვა, რის მიზეზადაც მის წინააღმდეგ აღძრული „მორიგი შეთითხნილი“ სისხლის სამართლის საქმე და ბიძინა ივანიშვილის მუქარა დაასახელა. მას არ დაუკონკრეტებია, როგორ გადაკვეთა საზღვარი, თუმცა თქვა, რომ გამოიყენა „სისტემაში არსებული ხვრელები და მათ შორის ადამიანებიც“.

ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლას წინ უძღოდა 25 თებერვალს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე მისთვის ბრალის წაყენება. ამ საქმეზეც დაზარალებული ბიძინა ივანიშვილია. კერძოდ, პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ბაჩიაშვილმა სწორად არ შეაფასა რისკები, ასევე, არ მიიღო ზომები საფრთხეების თავიდან ასარიდებლად, რის შედეგადაც, „მტკვარი ჰესის“ აშენების ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი დოლარით გაიზარდა და ინვესტორის ინტერესები დაზიანდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით დატოვა, შემდეგ კი სომხეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტი რუსული პასპორტით გაიარა.

ბაჩიაშვილს ახლა ბრალად საზღვრის უკანონო კვეთაც ედება. ამ საქმეზე დაკავებულია შოთა ქარუმიძე, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთაში დაეხმარა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.