თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების ბრალდების საქმეზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ჩვენება დახურულ სასამართლო სხდომაზე მისცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 3 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 4 პატიმრის ადვოკატი: „სახის არცერთი ძვალი მთელი არ აქვს, ეს აღწერილი არაა და რატომ, გაუგებარია“
- 5 პოლიციის აკადემიის რექტორად სავარაუდო კორუფციაში მხილებული ლელა ჩიქოვანი დაინიშნა
- 6 თბილისის მერია „რიყის დოქებთან“ 16 წლის ბიჭის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ირიდებს
გიორგი ბაჩიაშვილის ინფორმაციით, 2023 წლის სექტემბერში ეროვნულმა ბანკმა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „ქართუ ბანკი“ 200 000 ლარით დააჯარიმა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ სისხლის სამართლის საქმეში შექმნილიყო ყალბი მტკიცებულება, თითქოს, 2015 წელს, ბაჩიაშვილისთვის 5 მილიონი აშშ დოლარის სესხის მიცემისას ბანკმა დაარღვია წესები და გაცემული თანხა რეალურად სესხს კი არა, ბიძინა ივანიშვილის ინვესტიციას წარმოადგენდა.
დღევანდელი სხდომა პროკურატურის მოთხოვნით, დაცვის მხარის პროტესტის მიუხედავად, დაიხურა. თბილისის საქალაქო სასამართლოს დატოვებისას თურნავამ ჟურნალისტებს მოკლე კომენტარი მისცა:
„ჩვენი ნებისმიერი მოქმედება არის კანონით განპირობებული. ყველაფერი სრულიად კანონიერია. ჩვენ ყოველთვის ბანკებს ვუწესებთ სანქციებს და ჯარიმას, როდესაც ეს აუცილებელია. ამ შემთხვევაშიც ასე იყო“.
საქმეზე ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ეროვნულმა ბანკმა ბიძინა ივანიშვილის დავალებით იმოქმედა.
„არანაირი დოკუმენტური მტკიცებულება, რომ ივანიშვილი იყო ინვესტორი არ არსებობს. ნათია თურნავამ ისევ მოიშველია „ქართუ ბანკიდან“ მიწერილი წერილი, სადაც ბანკი თვითონვე აღიარებს, რომ ივანიშვილი ინვესტორი იყო და ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ ჩვენ „ქართუ ბანკი“ დაგვეჯარიმებინაო.
ქალბატონმა ნათიამ თავად დაადასტურა, რომ ეროვნული ბაკის ისტორიაში იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სესხი გადააკვალიფიცირეს ინვესტიციად, თუმცა, რომ ჩავეკითხეთ, თქვა, რომ ეს ინვესტიცია არ ნიშნავდა ამ ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრის ინვესტიციას. ანუ, ეროვნული ბანკის პრაქტიკაში არ არსებობს შემთხვევა, როდესაც მათ რომელიმე ბანკის სესხი აიღეს და გადააკვაფიცირეს ამ ბანკის დამფუძნებლის ინვესტიციად“, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის შეფასებით, „ქართუს“ მიზანმიმართული დაჯარიმება კრიმინალური აქტია, რომელიც „ივანიშვილის მიერ ბაჩიაშვილისათვის ასეულ მილიონობით დოლარის ღირებულების აქტივების გამოძალვას ემსახურება“.
„2023 წლის 15 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დააჯარიმა ბანკი „ქართუ“ 64 ათასი ლარით და ეს ფაქტი მაშინვე გაასაჯაროვა. აღმოჩნდა, რომ ამავე წელს ეროვნულ ბანკს „ქართუ ბანკი“ დაუჯარიმებია 200 ათასი ლარით და ამის შესახებ მხოლოდ ამ დღეებში გავიგეთ ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესიდან, რომელსაც ივანიშვილი უჩივის.
ეროვნული ბანკი დანაშაულებრივი შეთქმულების მონაწილეა. ბიძინა ივანიშვილის დავალებით შეგნებულად დააჯარიმა მისივე ბანკი, რათა ეს ფაქტი გამოეყენებინა იმის დასამტკიცებლად, რომ „ქართუმ“ ბაჩიაშვილზე სესხი გასცა წესების დარღვევით და სინამდვილეში ეს სესხი კი არაა, არამედ არის ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია, ხოლო ბაჩიაშვილი მისი „პადსტავნოი“ (ანუ ფიქტიური) პირი ყოფილა.
ნათია თურნავამ, რომელიც დაჯარიმების ამ დოკუმენტით დღეს დახურულ სასამართლო სხდომაზე წარსდგა, ისეთ სკანდალში ამოჰყო თავი, რომელიც მომავალში შეიძლება ძალიან მძიმედ დაუჯდეს. ეს არაა თუნდაც ფარცხალაძის შესახებ გამოცემული განკარგულება.
ის პოლიტიკური ზეწოლის შედეგად, სამწუხაროდ, კანონიერად შექმნილი დოკუმენტია, რომელიც ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის არაარსებობის მაჩვენებელია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავას დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც“ გამოეხმაურა. ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ვრცელ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ საკუთრება 5 მილიონ აშშ დოლარზე „ქართუ ბანკს“ ჰქონდა და არა ბიძინა ივანიშვილს. შესაბამისად, ივანიშვილი ვერ მოითხოვს ამონაგებს იმ ფულადი სახსრებისგან, რომლებიც მის საკუთრებას არ წარმოადგენდა.
„როგორი დე ფაქტო ურთიერთობებიც არ უნდა ყოფილიყო და არის ივანიშვილსა და „მის“ ბანკს შორის, მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც ივანიშვილის წარმომადგენელმა წიქვაძემ სასამართლოში განაცხადა, ივანიშვილი 2015 წელს „ქართუ ბანკის“ ბენეფიციარი მესაკუთრე იყო, ეს არ ნიშნავს, რომ ბანკის ქონება ივანიშვილის ქონებაა.
„ქართუ ბანკი“, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ბანკი საქართველოში სააქციო საზოგადოების ფორმით არის დაფუძნებული. იმ დროს და დღესაც მოქმედი კანონმდებლობით სააქციო საზოგადოების პარტნიორების პასუხისმგებლობა შეზღუდულია მათ საკუთრებაში არსებული აქციებით და პარტნიორები საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს არ აგებენ“, - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.
ორგანიზაციის შეფასებით, საქმეში არ არსებობს აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც საშუალებას მისცემდა ნებისმიერ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ტრიბუნალს ბაჩიაშვილი დამნაშავედ ეცნო.
გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობას 2013-2019 წლებში იკავებდა. მრავალი წლის განმავლობაში ის ივანიშვილთან ძალიან დაახლოებული პირი იყო და განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა. 2023 წელს ივანიშვილმა ბაჩიაშვილს პროკურატურაში უჩივლა. საქმე ეხება 8253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობით ისჯება. პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი თანხა 5 000 000 აშშ დოლარს შეადგენდა. ბაჩიაშვილის მტკიცებით 5 მილიონი სესხის სახით აიღო და ერთი წლის შემდეგ გადაიხადა. ბიტკოინი, რომლის მითვისებასაც ივანიშვილი ბაჩიაშვილს ედავება, პროკურატურის ცნობით, მითვისების მომენტში 39 215 820 აშშ დოლარი ღირდა.
