დღეს, 19 მარტს, თურქეთის ხელისუფლებამ სტამბოლის ოპოზიციონერი მერი დააკავა. ექრემ იმამოღლუს, რომელიც მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში თურქეთის მოქმედი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ მეტოქედ განიხილება, კორუფციას და ტერორისტული ორგანიზაციის დახმარებას ედავებიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
- 2 პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე: „აუცილებლად დაიწყება გამოძიება“
- 3 მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა
- 4 რატომ შეხვდა აშშ-ის ელჩი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს
- 5 კობახიძე: აქედანვე შემიძლია გითხრათ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს მოვიგებთ
- 6 რუსეთის დაზვერვა: EU საქართველოში აქციის მონაწილეებს დღიურად 120 ევროს გადაუხდის
არსებული ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში სულ დაკავებულია 100 ადამიანი, რომელთა შორის პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ბიზნესმენები არიან.
დაკავებების ფონზე სტამბოლში შეკრებებსა და დემონსტრაციების გამართვაზე ოთხდღიანი აკრძალვა დაწესდა - საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებისა და შესაძლო პროვოკაციების თავიდან აცილების საბაბით. გარდა ამისა, შეიზღუდა წვდომა სოციალური მედიაზე, მათ შორის პლატფორმა X-ზე და TikTok-ზე.
„რესპუბლიკურ სახალხო პარტიას“, რომელიც მთავარი ოპოზიციური პარტიაა, ექრემ იმამოღლუ პრეზიდენტობის კანდიდატად კვირას, 23 მარტს უნდა დაესახელებინა.
დაკავების წინა დღეს სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი გააუქმა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მისი კანონიერების შესახებ ეჭვი გამოთვა. იმ შემთხვევაში თუ ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, იმამოღლუ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს, რადგან თურქეთის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატს უმაღლესი განათლება უნდა გააჩნდეს.
53 წლის ექრემ იმამოღლუ თურქეთის უდიდესი ქალაქის მერად პირველად 2019 წელს აირჩიეს და თანამდებობას სულ ერთი თვე იკავებდა, როდესაც ხელისუფლებამ არჩევნების შედეგები გააუქმა. იმავე წლის ივნისში გამართულ ხელახალ არჩევნებში იმამოღლუმ კვლავ დაამარცხა ერდორანის პარტიის კანდიდატი. მისი გამარჯვებით დასრულდა 2024 წლის მუნიციპალური არჩევნებიც.
პრო-სამთავრობო მედიასაშუალებების ინფორმაციით, ექრემ იმამოღლუ თურქეთში ტერორისტული ორგანიზაციად გამოცხადებული და აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) დახმარებაშია ეჭვმიტანილი.
„ჩვენ დიდი ტირანიის წინაშე ვდგავართ, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ არ დავნებდებით. მე საკუთარ თავს ვანდობ ჩემს ხალხს. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ფეხზე ვიდგები“, - განაცხადა იმამოღლუმ გამთენიისას, დაკავებამდე, სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოში. მან ხელისუფლება ხალხის „ნების უზურპაციაში“ დაადანაშაულა.
თურქეთში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 2028 წელს უნდა ჩატარდეს, თუმცა, არც ვადამდელი არჩევნებია გამორიცხული.
„რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ თავმჯდომარემ, ოზგურ ოზელმა ექრემ იმამოღლუს დაკავებას „გადატრიალება“ უწოდა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ერს ხელს უშლის მომავალი პრეზიდენტის არჩევაში.
