„აგენტების“ შესახებ რუსულ კანონთან დაკავშირებით კრიტიკულ წერილს ავრცელებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონი. მღვდელმთავარს მიაჩნია, რომ თუ ხელისუფლებას მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილება სურს, კანონპროექტში უნდა ჩაწეროს, რომ საფრთხეს წარმოადგენენ რუსეთი და ის ქვეყნები, რომლებმაც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარეს. მეუფე ზენონის თქმით, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დავალდებულება, რომ ისინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლებად“ დარეგისტრირდნენ, ქმნის სტიგმატიზების საფრთხეს, რაც შეუთავსებელია სამართლებრივ გარემოსთან, ქრისტიანული მოძღვრების სულისკვეთებასთან და საბედისწერო შეიძლება იყოს ადამიანების სიცოცხლისთვის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
წერილს მცირედი შემოკლებით ვაქვეყნებთ:
„კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაწესებული რეგულაციები ვრცელდება როგორც სრულიად არასამთავრობო სექტორზე, ასევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის (საქართველოს საპატრიარქო) მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთან მიმართებაში, რადგან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის განმარტებით, საქართველოს ეკლესია არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს.
საქართველოს პარლამენტის პატივცემულო წევრებო,
საქართველოს სახელმწიფოში არსებობს შესაბამისი ინსტიტუციები თუ სამსახურები, რომელთა სახელმწიფოებრივ-ინსტიტუციური ფუნქციაა, ამა თუ იმ იურიდიული პირთან, ორგანიზაციასთან, ადმინისტრაციულ ორგანოსთან მიმართებაში აწარმოონ ფინანსური და მასთან დაკავშირებული რაიმე სახის მონიტორინგი. ამდენად, გაუგებარია თუ რატომ უნდა იყოს საჭირო, გამჭვირვალობის, მონიტორინგის საწარმოებლად, დამატებით ისეთი კანონის მიღება, რომელიც თავის მოქალაქეს ან მოქალაქეთა ჯგუფებს უბიძგებს სახელმწიფოს წინაშე დარეგისტრირდეს როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტით მოცემულია დიფერენციაცია, რის გამოც გარკვეულ იურიდიულ პირებზე არ განივრცობა აღნიშნული კანონი, რაც უფლება-შესაძლებლობას უტოვებს მათ, თავისი საქმიანობა განახორციელონ ამ კანონის მიღმა.
საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის სახელმწიფო, რომელმაც მოახდინა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. საფრთხეს წარმოადგენენ ის ქვეყნები, რომლებმაც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სუვერენულად აღიარა თვითგამოცხადებული რესპუბლიკები.
თუ გვსურს უცხოური გავლენისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციებისგან მოსალოდნელი საფრთხეების აცილება, კანონპროექტის პრეამბულაში უნდა იყოს მითითება, თუ რომელი ქვეყნები წარმოადგენენ საფრთხეს და შესაბამისად, ამ ქვეყნებიდან მიღებული დაფინანსება მოქცეულ იქნეს შესაბამისი გამჭვირვალობისა და კონტროლის ქვეშ.
საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიების ოკუპანტი ქვეყნის, ოკუპირებული ტერიტორიების „სუვერენიტეტის“ მაღიარებელი ქვეყნების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, მისი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის მტკიცედ მხარდამჭერი ქვეყნების ერთ სიბრტყეზე განთავსება დაუშვებელია.
გახანგრძლივებულ დროში საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია, ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუციების ცალსახად უარყოფითი შეფასება, საკმარისი არგუმენტი უნდა იყოს სახელმწიფო საკანონმდებლო ორგანოსთვის, რათა ქვეყნის უსაფრთხოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ევროინტეგრაციის მიმავალ გზაზე, პასუხი გასცეს კითხვას: რა სარგებელი აქვს საქართველოს სახელმწიფოსათვის, მისი უსაფრთხოებისთვის ევროპული ერთობის მოწოდების უგულებელყოფას.
ცივილიზებულ სამყაროში კატეგორიულად დაუშვებელია, მითუმეტეს, სახელმწიფო საკანონმდებლო დონეზე სოციალური სტიგმატიზაციის პირობების დაკანონება, რადგან სტიგმატიზირება (დაღდასმა) მიმართულია ადამიანის სოციალური უარყოფისკენ. იგი ნასაზრდოებია დისკრედიტაციის პათოსით და მისი თანმხლები არის ადამიანის დისკრიმინაციის ამაზრზენი პროგრესი.
სტიგმატიზირებული ადამიანი დგება ისეთი სოციალურ-ფსიქოლოგიური პრობლემების პირისპირ, რაც საბედისწერო შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის.
სტიგმას გამოსახავდნენ საზოგადოებისთვის მიუღებელ ადამიანზე, ეს იქნებოდა განსაკუთრებული დამნაშავე, მონა თუ მოღალატე. სტიგმატიზირება არსებითად შეუთავსებელია სამართლებრივ გარემოსთან და მიუღებელია განვითარებული საზოგადოებისათვის.
სახელმწიფოს მიერ, პირდაპირი თუ ირიბი ქმედებით პერსონების, სოციალური ჯგუფების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების „სტიგმით მონიშვნა“, არსებითად მოდის წინააღმდეგობაში ქრისტიანული მოძღვრების სულისკვეთებასთან და ცივილიზებული სამყაროს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებთან.
კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის, ეკლესიის) სტიგმატიზების საფრთხეს.
იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მოცემული კანონპროექტის შინაარსიდან გამომდინარე საფრთხე, რომელიც პროვოცირებს მოქალაქის, მის მიერ შექმნილი ორგანიზაციისა და ზოგადად, ნებისმიერი არასამთავრობო ინსტიტუციის (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზაციას, რომლის აგრესიული ბუნების თანმხლებია „სასურველ“ და „არასასურველ პირთა“ კატეგორიებად დაყოფა, მარგინალიზაცია, შევიწროება-რეპრესია, სოციალური უთანასწორობა და საზოგადოებრივი ჯგუფების დაპირისპირება, გარდაუვალი აუცილებლობაა სახელმწიფოებრივი აზროვნება და მიდგომა ხელისუფლების, ეკლესიის და საზოგადოების მხრიდან“.
„ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 3 აპრილს, პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა. „რუსული კანონი“ უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ.
ევროკავშირმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, გაერომ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, არ მიიღოს კანონი, რომელიც შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან და საფრთხეს უქმნის მედიის და სამოქალაქო სექტორის თავისუფლებას და არსებობას.
რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები თბილისში, პარლამენტთან, 15 აპრილიდან მიმდინარეობს. ამის საპირისპიროდ, „ქართული ოცნება“ 29 აპრილს, რუსული კანონის მხარდასაჭერად „საყოველთაო სახალხო შეკრებას“ მართავს პარლამენტის შენობის წინ. აქციაში მონაწილეობას ავალდებულებენ საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს.