„ქართული ოცნება“ აპირებს, ხელისუფლებაში კიდევ სულ მცირე 12 წელი დარჩეს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„პარტიის დაფუძნებიდან 12 წლის თავზე „ქართულ ოცნებას“ ექნება საკუთარი, თანამედროვე ოფისი, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ ჩვენ კიდევ, სულ მცირე, 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ“, - თქვა კობახიძემ.
მისივე განცხადებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოს მოუტანა დემოკრატიული გარდატეხა და ქვეყანა „უცხოელი აგენტების“ მმართველობისგან გათავისუფლდა.
„ხელისუფლებიდან აგენტურის და მისი ავტორიტარული მმართველობის ჩამოშორება იყო გარდამტეხი გამარჯვება, რომლისთვისაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს, როგორც ამ ქვეყნის რიგითმა მოქალაქემ, კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა, მინდა, გადავუხადო“, - თქვა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გასული 4 წელიწადი განსაკუთრებული სირთულეებით იყო აღსავსე. მან ამჯერადაც „რევოლუციის ორი მცდელობის“ შესახებ ისაუბრა.
„2021 წელს ქვეყანამ გამოიარა რევოლუციის პირველი მცდელობა. უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად, დაიწყო უპრეცედენტო ზეწოლა ქვეყანაზე, რასაც 2022 წლის ივნისში რევოლუციის მეორე მცდელობა მოყვა. გლობალური ომის პარტიის ძალისხმევით, საქართველოს სრულიად უსამართლოდ არ მიანიჭეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რითიც ქვეყანა წელიწად-ნახევრის განმავლობაში ხელოვნურად შექმნილი ე.წ. პოლარიზაციის რეჟიმში აცხოვრეს. შარშან და წელს ორჯერ გათამაშდა საუკუნის თაღლითობა გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ, როდესაც ერთ-ერთი უმთავრესი ევროპული პრინციპი – საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება ანტიევროპულ მოვლენად გამოგვიცხადეს. ამ ყველაფრის, უპრეცედენტო ზეწოლის, რევოლუციის ორი მცდელობის და ხელოვნურად შექმნილი რყევების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა, უზრუნველყო ეკონომიკის უპრეცედენტოდ სწრაფი ზრდა და მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
ამავდროულად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება წარმატებით დაუპირისპირდა ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას და დაიცვა ტრადიციული ფასეულობები, ჩვენი ეროვნული იდენტობის სამი საყრდენი – მამული, ენა და სარწმუნოება.
რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველომ განიმტკიცა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი სუვერენული, როგორც არის დღეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საარჩევნო კამპანიის გახსნაზე სიტყვით „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც გამოვიდა. როგორც მან თქვა საპარლამენტო არჩევნებში მმართველ პარტიას „განსაკუთრებულად მყარი, საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება“ სჭირდება იმისთვის, რომ „საბოლოოდ დაასრულოს ომის პარტია, აგენტურა, რადიკალიზმი, პოლარიზაცია და ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში“.