პარლამენტთან პრორუსული, ჰომოფობიური და ძალადობრივი პარტიის „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ აქციაზე, სტალინის გამოსახულებიანი ხატის „შეურაცხყოფისთვის“ სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის დაპატიმრება მოითხოვეს. „ალტ ინფოს“ ლიდერები დაიმუქრნენ, რომ თუ სახელმწიფო მას სათანადო პასუხს არ გასცემს, ამას თავად გააკეთებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„პოლიტიკაში მობრუნებული ივანიშვილია, ვითომ კონსერვატორი ღარიბაშვილი, კობახიძეა თუ ვინც არის - მათი ვალია გასცენ პასუხი“, - განაცხადა შოთა მარტინენკომ, „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ გენერალურმა მდივანმა. „გაეცით პასუხი! წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხს გასცემს ხალხი. ჩვენ გვაქვს მოთხოვნა, ამ მკრეხელობისთვის, ამ სიბილწისთვის სამართალი აღდგეს და შესაბამისი პასუხი გასცეს სახელმწიფომ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ამ ხელისუფლების დიდი იმედი არ გვაქვს, რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ
სამართლის აღდგენა თუ ასე არ მოხდა, მოგვიწევს ჩვენ, როგორც შევძლებთ. სულ პოლიცია ვერ იდგება მათ სახლებთან და მათთან ერთად ვერ ივლის. პირობას გაძლევთ, ძმრად უნდა ამოვადინოთ ამ ნაბიჭვრებს მხეცობა“.
„ალტ ინფოს“ დამფუძნებელმა, კონსტანტინე მორგოშიამ რელიგიური გრძნობებისა და სიწმინდეების შეურაცხყოფისთვის კანონმდებლობის გამკაცრებაც მოითხოვა. მისი თქმით, სასწრაფოდ მისაღებია კანონი, რომლითაც მსგავსი ფაქტები ჯარიმით კი არა, პატიმრობით დაისჯება. მორგოშია დარწმუნებულია, რომ „უახლოეს პერიოდში ამას მიიღებენ“.
„ფერაძე არის დამნაშავე არა ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის კოდექსით. წვრილმანი ხულიგნობის მუხლით წაიყვანეს გამოძიება, რაც ევროპელებისთვის გაგორებული კოჭი და მმართველი ძალის სისუსტეა. ვიმედოვნებ, რომ „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ წავა და გადააკვალიფიცირებს მუხლს. თუ ეს არ მოხდება, „ქართული ოცნება“ მიიღებს თავისას და ნატა ფერაძე - თავისას. თუ ნატა ფერაძეს არ დაიჭერენ, ძალიან დიდი პრობლემები დაიწყება ქვეყანაში“, - აღნიშნა მორგოშიამ.
აქციაში მონაწილეობდნენ სასულიერო პირები და პრორუსული პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილიც.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ მატრონა მოსკოველის ხატზე იოსებ სტალინი იყო გამოსახული, 6 იანვარს გავრცელდა. ტაძრის წინამძღვარმა თქვა, რომ ხატი ტაძარში რამდენიმე თვის წინ მიაბრძანეს და ამაში ის პრობლემას ვერ ხედავდა. გაირკვა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული მატრონას ხატი ეკლესიას „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა და პარტიის თავმჯდომარემ, დავით თარხან-მოურავმა შესწირეს. 9 იანვარს, აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს. პოლიციამ მოკვლევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
ნატა ფერაძეს ჯერ სოციალურ ქსელში ემუქრებოდნენ, 10 იანვარს კი „ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები მის საცხოვრებელ სახლთან მივარდნენ. ისინი ფერაძეს ხატის შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ და მის დასჯას ითხოვენ. აქტივისტის სახლთან პოლიცია იყო მობილიზებული.
საპატრიარქომ ხატისთვის საღებავის შესხმა ვანდალიზმად და ღვთისმსახურების ხელის შეშლად შეაფასა, 11 იანვარს კი, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებს მიმართა, მათ მიერ შეწირულ ხატში „სათანადო ცვლილებები“ შეიტანონ, ან ამას თავად გააკეთებენ. ინაშვილის თქმით, საპატრიარქოს მოწოდებას დაემორჩილებიან.
ხატისთვის საღებავის შესხმის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ აპირებენ მიიღონ კანონი, რომლითაც რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დაისჯება.